ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილი არტეფაქტების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, დადიანების აქამდე უცნობი სამთავრობო სასახლის შესწავლის მიზნით,  საველე-არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.

არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობა იყო  ე. წ. ნიკოსეული სასახლის მხარეს,  შენობის გაურკვეველი ფრაგმენტები, რომელიც მხოლოდ ბაღის ჭიშკართან, არსებულ ბილიკზე იკითხებოდა, როგორც  უცნაური წყობა აგურითა და ქვით ნაშენი კედლების.

უახლესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ შენობა შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან და ოთხი მინაშენისაგან.

“დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ შენობის სიგრძეა 76 მ., სიგანე 30 მ. შენობის ცენტრალური ნაწილი კირქვის თლილი კვადრებითაა ნაშენი, ხოლო მინაშენები აგურთა და რიყის ქვით.

დარბაზის ფარგლებში თითქმის ნახევარი მეტრის სისქის ნაშალი ფენა დაფიქსირდა, რომელიც  კრამიტის და აგურის მრავალრიცხოვან ფრაგმენტებს მოიცავდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა რკინის სხვადასხვა ზომის ლურსმანი, ბრინჯაოს შანდლის თავი, მარმარილოს  მაგიდის თავის ფრაგმენტი და სხვა. შენობის მეორე განყოფილებაში აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღსანიშნავია ფაიფურის სერვიზი, ინტერესს იწვევს მათზე გამოსახული პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო დეტალები, ადამიანების, ფრინველების, ცხოველების, ყვავილების გამოსახულებები, ფერების სიუხვე და სხვა”, – ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული არტეფაქტების რეკონსტრუქციის პროცესი. სულ მალე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა საექსპოზიციო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სხვა არტეფაქტებთან ერთად დაათვალიეროს წარმოდგენილი ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები