ალექსანდრე ჯინჭარაძე – ქართველი იუნკერი და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მაიორი

ალექსანდრე (საშა) დავითის ძე ჯინჭარაძე, ქართველი იუნკერი და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მაიორი, 1897 წლის 16 იანვარს დაიბადა ხონში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მხედრული მამაცობისთვის დაიმსახურა წმ. გიორგის ჯვარი. რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაირიცხა 1919 წელს დაარსებულ ქართულ-სამხედრო სკოლაში კაპიტან ხოშტარიას III მწყობრში. 1921 წლის თებერვალ-მარტში იუნკერთა სკოლის სხვა კურსანტებთან ერთად ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას, მონაწილეობდა ბრძოლებში კოჯორსა და ტაბახმელასთან (1921 წ. თებერვალი). გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში გაჰყვა მთავრობას. 1921 წლის სექტემბერში სხვა იუნკრებთან ერთად მივლენილ იქნა საფრანგეთში სამხედრო საქმის შესასწავლად სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში. 1922 წელს ნაპოლეონის მიერ დაარსებულ ფონტენბლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლაში გადავიდა, რომელიც 1926 წელს კავალერიის ოფიცრის წოდებით დაამთავრა. ჩაირიცხა უცხოური ლეგიონის I პოლკში უმცროსი ლეიტენანტის ჩინით.

1927-1929 წლებში ალექსანდრე ჯინჭარაძე მსახურობდა უცხოური ლეგიონის IV ცხენოსან პოლკში ესკადრონის უფროსად. 1930-40 წლებში II ცხენოსანი პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში მაროკოსა და ალჟირში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1935 წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და დაჯილდოვდა საბრძოლო ჯვრით. ასევე ფლობდა მრავალ ჯილდოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის.

1940 წლიდან ოფიცერი ჯინჭარაძე ერთმანეთს უთავსებდა ორ საქმიანობას: მებრძოლისა და მშენებლის – აშენებდა გზებს, ხიდებს, საავადმყოფოებს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კაპიტნის ჩინით იბრძოდა დივიზიის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში ( GRP-97), რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. 1940 წლის ივნისში უაზში, ნორუაისთან ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. 1945 წელს ავადმყოფობის გამო ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ ისევ დაბრუნდა უცხოელთა ლეგიონში და 6 წლით გაემგზავრა მაროკოშო, სადაც მეთაურობდა ესკადრონს.

1948 წელს ალექსანდრე ჯინჭარაძემ მიიღო მაიორის ჩინი. იმავე წელს, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს შუა აღმოსავლეთში. მსახურობდა კაიროში, ბეირუთსა და იერუსალიმში. 1952-54 წლებში ჩრდილო აფრიკული ათასეულის მეთაურად ავსტრიაში გენერალ ბეტუარის განკარგულებაში მიავლინეს.

1954 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1955-62 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში ფრანგ მილიარდერ ლუი დრეიფუსის ასოციაციაში. აქტიურად ჩაერთო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაშიც. იყო სათვისტომოს მდივანი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე უცხოური ლეგიონის ამხანაგობისა და კამერუნის ლეგიონერთა კომიტეტის ხელმძღვანელი. 1963 წელს ლეგიონის 100 წლის იუბილეზე მეხიკოში გაიგზავნა დელეგატად.

ალექსანდრე მეგობრობდა დანიის პრინც ააჟთან და სხვა ცნობილ პირებთან. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ორგანიზაციებსა და პრესას. განსაკუთრებით დიდ დახმარებას უწევდა პარიზში ვიქტორ ნოზაძეს და მისი რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „კავკასიონს“. ზრუნავდა ჟურნალის გავრცელებაზეც. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან, ამერიკაში გადასვლის შემდეგ – გაზეთ „ქართულ აზრთან“.

ალექსანდრე ჯინჭარაძე გარდაიცვალა 1970 წლის 17 აგვისტოს ნიუ-იორკში. მისი მეუღლე იყო ცნობილი ფირმა „Prince Matchabelli“-ს დამაარსებლის გიორგი მაჩაბლის და ნინო. ქალიშვილი – ქეთევან ჯინჭარაძე, ომის წლებში ფრანგული წინააღმდეგობის წევრი იყო.

წყარო: მედიაჰოლდინგი “კვირა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები