მწერალთა სახლში წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი – გმირის ტყავში“ პრეზენტაცია გაიმართება

8 დეკემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება გამომცემლობა „ზებრას“ წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი – გმირის ტყავში“ – პრეზენტაცია. ავტორთან, რეჟის ჟანტესთან ერთად, მას ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე წარადგენს.

წიგნი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მიმდინარეობისას დაიწერა. მასში გამოყენებულია ადრინდელი, რამდენიმე წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტაჟები, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიტიკური ანალიზი; ასევე სხვადასხვა მეცნიერის, ჟურნალისტისა და სპეციალისტის ნამუშევარი თუ კვლევა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

“„ვოლოდიმირ ზელენსკი – გმირის ტყავში“ მკითხველს უკრაინის პრეზიდენტის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს; წიგნის მეშვეობით მკითხველი ასევე მის ოჯახს, სამეგობრო წრეს და თანამოაზრეებსაც გაიცნობს; გაიგებს მეტს მის ბავშვობის, სამსახიობო კარიერასა თუ პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

და მაინც, ვინ არის კაცი, რომელზედაც ამჟამად, ნაწილობრივ, ევროპის ბედია დამოკიდებული? ამ შეკითხვაზე პასუხს მკითხველი ამოიკითხავს წიგნში, რომლის ავტორები შესაძლებლობას გვაძლევენ აღმოვაჩინოთ და ახლო მანძილიდან დავინახოთ ეს უჩვეულო ადამიანი, კაცი, რომელმაც ორჯერ მოირგო უკრაინის პრეზიდენტის ტყავი…

წიგნი ფრანგულ ენაზე 2022 წლის მაისში გამოიცა; მისი ავტორები არიან ფრანგი ჟურნალისტები რეჟის ჟანტე – პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი და სტეფან სიოანი – რუსულ-უკრაინული ომის რეპორტიორი”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები