ელისო ბოლქვაძისა და თამარ ბერუჩაშვილის თანამშრომლობა საქართველოს კულტურის სფეროში არაერთი მიმართულებით დაეხმარება

იუნესკოს მშვიდობის ელჩი  ელისო ბოლქვაძე საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთი იყო იმ მნიშვნელოვანი შეხვედრებიდან, რომლებიც კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა გასულ კვირას გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურული დიპლომატიის საკითხებსა და კულტურის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ელისო ბოლქვაძესა და თამარ ბერუჩაშვილს მრავალწლიანი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. სხვა პროექტებთან ერთად, ისინი ერთობლივად არიან ჩართულნი ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, 2013 წლიდან ტარდება. სწორედ ამ გამოცდილებისა და ურთიერთობის გათვალისწინებით, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ელჩის ამპლუაში, თამარ ბერუჩაშვილთან მისი თანამშრომლობა საქართველოს არაერთი მიმართულებით დაეხმარება.

„ქალბატონ თამართან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა და პირადი მეგობრობა მაკავშირებს. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ერთად ბევრ პროექტზე ვიმუშავეთ, თუნდაც, შავი ზღვის ბათუმის ფესტივალის ფარგლებში. ის იუნესკოს პროექტებში ჩემთან ერთად ძალიან აქტიურადაა ჩართული და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას მიწევს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს საერთო იდეები. თამარ ბერუჩაშვილი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი დიპლომატია, რომლის რჩევებიც ჩემთვის ყოველთვის სასარგებლოა,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილმა ელისო ბოლქვაძესთან ერთად დასახულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურულ დიპლომატიას ელჩობის განმავლობაში მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს.

„ეს იყო ჩემი რუმინეთში გამგზავრების წინა სპეციალური შეხვედრა კულტურის კომიტეტში კულტურულ-დიპლომატიური თემების განსახილველად. მე და ელისო ბოლქვაძე აქტიურად ვმუშაობდით კულტურული დიალოგის კუთხით. ამ მიმართულებით, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ძალიან საინტერესო პლატფორმაა, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო დროს – განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ასე მასშტაბურად და სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებდა, თუმცა გეგმები ძალიან დიდია. კულტურული დიპლომატიის მეშვეობით, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ახალი ღონისძიებებისა და საინტერესო დიალოგების წარმართვაა შესაძლებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის სათანადოდ წარმოსაჩენად და საინტერესო პარტნიორობების ჩამოსაყალიბებლად. მე იმედი მაქვს, რომ კულტურულ დიპლომატიას რუმინეთში ჩემი მომავალი ელჩობის დროს ძალიან სერიოზულ ყურადღებას დავუთმობ,“ – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები