ზურა შევარდნაძემ ტექსტილის ფონდებს ღორჯომის ხეობის ნაჭრელები საჩუქრად გადასცა

ზურა შევარდნაძემ, პირადი კოლექციიდან, უნიკალური აჭარული ნაქარგობები და სამოსი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ხელოვნების სასახლისა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ტექსტილის ფონდებს საჩუქრად გადასცა.

სამი მუზეუმის ტექსტილის ფონდებს 200-მდე ნაქარგობა და აჭარული სამოსი გადაეცა. საზეიმო ცერემონიასთან ერთად, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე, მოეწყო აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა.

მაღალი ეთნოგრაფიული ღირებულებით შექმნილ აჭარულ ნაჭრელებს, ზურა შევარდნაძე აჭარაში, ღორჯომის ხეობაში 15 წლის განმავლობაში აგროვებდა. მან  აჭარული ნაქარგობების მრავალწლიანი ძიების შედეგი წარმატებულ პროექტად აქცია და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის სპეციალური სახელოსნო გახსნა, გამოიცა კატალოგიც.

“ღორჯომის ხეობის ნაქარგები განსაკუთრებულია მათი ფერების, შესრულების ტექნიკისა და მრავალფეროვანი სიუჟეტების გამო, სწორედ ამიტომ პროექტი „ღორჯომის ხეობის ნაჭრელები“ წარმატებული აღმოჩნდა და სახელოსნოსადმი ინტერესი პარიზის ცნობილი მოდის  სახლებმაც გამოხატეს. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ქარგვის შესწავლით და სახელოსნოში უკვე 80-ზე მეტი ადგილობრივი ქალია დასაქმებული.

,,ღორჯომის ხეობის ნაჭრელები“ არის კულტურის სამინისტროს კონკურსის – „კულტურის სექტორში  თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული.  პროექტის ფარგლებში სამინისტროს დაფინანსებით მაღალმთიან აჭარაში, ღორჯომის ხეობაში, ტრადიციული რეწვის სახელოსნოს ამუშავებასთან ერთად, სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ზურაბ შევარდნაძის ორენოვანი წიგნი-ალბომი ,,ვინ მყავს უფროსი?!’’. გამოცემა აერთიანებს ღორჯომის ხეობის შესახებ მონათხრობსა და ფოტომასალას, რომელზეც აღბეჭდილია ხეობის მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა, სახელოსნოს საქმიანობა, რეწვისა და ხელსაქმის ამსახველი კადრები. მასალა მოიცავს ფოტო-კატალოგსაც ზურაბ შევარდნაძის პირადი კოლექციიდან. კულტურის სამინისტროს დაფინანსებული და ზურაბ შევარდნაძის ორგანიზებული  პროექტის, ,,ღორჯომის ხეობის ნაჭრელების“, შემაჯამებელი ღონისძიება 2022 წლის სექტემბერში, ,,გარდენიაში’’ გაიმართა”, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები