ეროვნულ ბიბლიოთეკის ფონდს გაზეთების არქივი და სასტამბო დანადგარი გადაეცა

ქუთაისის პრესის სახლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გაზეთების არქივი და 1902 წლით დათარიღებული, მუშა მდგომარეობაში მყოფი სასტამბო დანადგარი გადაეცა.

დანადგარიც და გაზეთებიც უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. ეს ყველაფერი კი კომპანია “გალფის” მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მაშ ასე! თბილისში ვარ! ოპერაცია “პრესის სახლი” დასრულებულია!

შემიძლია, მშვიდად ჩაგაბაროთ ანგარიში ქართველო ერო!

ერთი თვის წინ 29 ოქტომბერს ვიყავი დაპატიჟებული ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში კონფერენციაზე. ამ ორდღიანი კონფერენციის დღეებში გადავწყვიტე, მენახა ქუთაისში , ქალაქის ცენტრში არსებული “პრესის სახლი”, ეს ხუთსართულიანი შენობა აუქციონზე იყო სულ ახალი გაყიდული. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე მისი ნახვა. ალბათ იმიტომ, რომ ოცნებაში მქონდა ამ შენობის ბიბლიოთეკისათვის გადმოცემა და ამ 5000 მ2 ფართში ეროვნული ბიბლიოთეკის დეპოზიტარული საარქივო ფონდის ორგანიზაცია. მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკას აქვს სხვადასხვა ქალაქში თავისი ფონდები. თუმცა ჩემი ოცნებები დარჩა ჩემთან და მე ვიდექი ახლადგაყიდული შენობის წინ. შევედი მიტოვებულ შენობაში და რადგან კოსტუმ-გალსტუკში ვიყავი გამოწყობილი(რაც იშვიათად ხდება და საშინლად ვგრძნობ ხოლმე თავს) ჩამთვალეს, რომ მე მეპატრონის წარმომადგენელი ვიყავი. დაცვამ ექსკურსია ჩამიტარა და მეორე სართულზე სტამბის ოთახი მაჩვენა. დაკეტილი იყო. მომცეს ტელეფონი მფლობელისა. დავურეკე. მეორე დღეს დამიბარა. სასტამბო დანადგარებზე ვკითხე-გვაქვსო. მთელი ღამე ველოდი გათენებას. დილას გახსნეს სტამბის კარი და დავინახე ჩემი დულსინია ტობოსელი, 1902 წლის უნიკალური დანადგარი მუშა მდგომარეობაში. სიხარულით ცას ვეწიე. ეს დანადგარი კომპანია”გალფის” თანადგომით შეძენილ იქნა ერთ კვირაში, ასევე ქვაბშირი და პრესი.

მეპატრონემ მკითხა-გაზეთების არქივი თუ გაინტერესებთო?

გაკვირვებით შევხედე-ამიყვანა მეოთხე სართულზე და შეაღო კარი ერთი არაფრით გამორჩეული ოთახისა. მტვრით დაპენტილ თაროებზე ელაგა გაზეთ ქუთაისის სრული კოლექცია, რომელიც სრულად არცერთ ბიბლიოთეკას არ აქვს, მისი წინამორბედი-“სტალინელი”, ინდუსტრიული ქუთაისის სრული კომპლექტები.

მაგრამ იქ სხვა რამეც იყო-უფრო მნიშვნელოვანი-გაზეთ “პრავდის”, “იზვესტიის”, სოვეტსკი სპორტის”, “ტრუდის” , კომსომოლსკაია “პრავდას” წლიური კომპლექტები, რომლებიც იმით იყო უნიკალური, რომ თითოეულ ნომერს ეწერა – დაბეჭდილია თბილისში!

საქმე ისაა, რომ სსრკ-ში 1963 წლიდან ცენტრალური პრესის ნომრების გამზადებული ფორმები იგზავნებოდა რესპუბლიკებში და იქ ბეჭდავდნენ. ეს უფრო ეკონომიური იყო. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა გაზეთის გასაგზავნ ფორმაში ნაწილის ჩასმა ვერ მოესწრებოდა, ამ ნაწილს თბილისში სვამდნენ, გაზეთის თბილისელი კორესპონდენტები. ეს ჩასმები საქართველოს ცხოვრებას ეხებოდა. ასე მაგალითად ჩემს დიდ პაპაზე ჩასვეს იზვესტიაში სტატია, რომელიც მხოლოდ საქართველოში წაიკითხეს, ჩვენ კი ვამაყობდით! იზვესტიამ დაწერაო.

კურიოზი ისაა, რომ ამ გადმობეჭდილ გაზეთებს ეროვნულ საარქივო ფონდად არ თვლიდნენ და არსად არაა შენახული. ის არ იყო წიგნის პალატაშიც.  ეს ჩემს წინ არსებული არქივი თითქოს მამაღმერთმა დამიდო წინ.

მაგრამ ღმერთთან მეორე სათხოვარიც მქონდა: ეს არქივი მეოთხე სართულიდან პირველზე უნდა ჩამეტანა და თან ოთახში მტვრის ბუღისთვის გამეძლო. გაზეთები ბრწყინვალედ იყო შენახული და აკინძული. ხოდა ჩამოვედი თბილისში, მოვემზადე და კვლავ ქუთაისს მივაშურე.  ორპირი ქარი გავაკეთე ფანჯრების გაღებით. ქარიანი დღე იყო.  მე კი ქარს ზურგი მივუშვირე. საწინააღმდეგოდ დავდექი. მტვერს ქარი მაცლიდა და გამომქონდა ოთახიდან წლიური კომპლექტები.

ღმერთიც გამოჩნდა-ბატონი ომარ ნიშნიანიძე თავისი 26 სტუდენტით. გააკეთეს ჯაჭვი და ორ დღეში გაზეთები შენობის ფოიეში იყო დალაგებული პირველ სართულზე. უზარმაზარი ტრაილერი დავტვირთეთ სპეციალურად თბილისიდან გამოძახებული ჩვენი ბიბლიოთეკის მუშებით და…. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 7 ტონა განძი მიიღო-გაზეთების 1500 -ზე მეტი კომპლექტი.  მეორე დღეს სასტამბო დანადგარიც ჩამოვიტანეთ-5 ტონა ფოლადის.  ბატონმა ომარ ნიშნიანიძემ მიპატრონა ქუთაისში. ამ მუშაობის დროს თავზე ჭრილობაც მიიღო და ნაკერები დაადეს. ერთ საათში მოვიდა და მითხრა-გავაგრძელოთო. ბავშვებიც მოტივირებულნი იყვნენ, როცა გაიგეს არქივის მნიშვნელობა.

ჩვენი გულშემატკივარნი იყვნენ: რიტა წაქაძე, რამაზ ჯიქია, მერაბ კეზევაძე, ელგუჯა თავბერიძე, თემურ ხურციძე და ქუთაისის სხვადასხვა რედაქციის თანამშრომლებიც, იმ რედაქციებისა, ბინა რომ ჰქონდათ პრესის სახლში და ახლა 3 დღეში უნდა დაეცალათ. სასტამბო დანადგარი ვირტუოზულად დაშალა ვაჩე რუხაძემ და მანვე ამოთხარა ის ბეტონის ფენიდან, ხვალიდან იწყებს მის აწყობას ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ბაღდათის ბრწყინვალე წარმომადგენელმა  შაკო ცერცვაძემ და მისმა მეგობარმა აკაკიმ ჯადოსნური დანადგარით 5 ტონა საბეჭდავი მანქანა მეორე სართულიდან ცინცხალ ჩამოიტანეს და თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეასრიალეს. ვზივარ აქ, ბიბლიოთეკაში და ვფიქრობ: დედა, რა იყო ეს? ა!

P.s. ამ ძვირფასი არქივის და დანადგარის მფლობელთა დათანხმება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეუღლის-ფრაუ ეკა წერეთლის დაწყნარება, როცა გაიგო, რომ ამ საქმის განხორციელებას ჩემი ხელფასის 40 პროცენტი შეეწირა.

და ერთიც, რომ არა მირიან ხოსიტაშვილის მყისიერი და ბრძნული რჩევები, მე ახლაც იქ ვიქნებოდი.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები