შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა სლოვაკურ ენაზე გამოიცა

ბრატისლავაში საქართველოს საელჩოს თაოსნობით და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულების ბ-ნი ნოდარ გიორგაძის და ბ-ნი ფრანკო პიგოცის დახმარებით, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა სლოვაკურ ენაზე გამოვიდა. პირველი გამოცემის ტირაჟის შედარებით სიმცირემ და ჟამთასვლამ ვეფხისტყაოსნის სლოვაკური ვერსია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად აქცია.

ნიშანდობლივია, რომ ვეფხისტყაოსნის სლოვაკურ ენაზე მთარგმნელის ბ-ნი მილოშ კრნოს შვილის ბ-ნი სვეტოზარ კრნოს დახმარებით, შესაძლებელი გახდა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ამ შედევრის ხელახლა გაცოცხლება სლოვაკურ ენაზე.

„საელჩო მეტად მადლიერია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერების ინსტიტუტის, რომელმაც დიდი გულისხმიერებით გადმოგვცა მხატვარ მიხაი ზიჩის გრაფიკული ნამუშევრები, რომლითაც დასურათებულია ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა.

ვეფხისტყაოსანი ახალი რედაქციით 1000 ეგზ. ტირაჟით, ბრატისლავის „კარპატი-ინფოპრესის“ (Karpaty-Infopress) რედაქციაში  დაიბეჭდა. წიგნის ეგზემპლარები დაეგზავნება საქართველოს და სლოვაკეთის: კულტურის, განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ეროვნულ ბიბლიოთეკებს, ხელნაწერთა ინსტიტუტებს, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს, მწერალთა კავშირებს, შესაბამის საზოგადოებებს, ფონდებს და კოლეგიებს. წიგნების გარკვეული ნაწილი შენახული იქნება სლოვაკეთში საქართველოს საელჩოში”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები