‘რანაირად უნდა გიყვარდეს ადამიანს შენი სამშობლო, შენი მიწა, რომ ერთადერთი შვილი ერთ მუჭა მიწად მოაყარო ზედ…“

27 სექტემბრის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

(ცერცვისტოლა ამბავი)

ჩემი შვილი ომში მოკლეს, დედა მოუკვდეს! ოცი წლის იყო, მხოლოდ შვიდი ათას სამასი  დღე, კიდევ  ხუთი თვე და სამი კვირა  იცოცხლა, მეტი ვერ. საათები და წუთები აღარ მახსოვს, ან მაგას როგორ გამოვითვლიდი, მე გვიან გამაგებინეს, აღარა გყაავსო, გათავდაო და მეც გავთავდი, ჩავიკეცე! გონს რომ მომიყვანეს, რანაირად აღარა მყავს-მეთქი, მკვდარიც ჩემი შვილი არ არის? დედა მოუკვდეს! დროდადრო ვანიავებ მის პერანგებს, მაისურებს, შარვლებს, სვიტერებს, კაშნეებს… ახალსაც  ვყიდულობ, მაგრამ რადგან მისი ზომა აღარ ვიცი, როგორ გაიზარდა და დამშვენდა ის იქ, საიქიოში, აქ მის კლასელებსა და მეგობრებს ვაზომებ ხოლმე ზორბა ბეჭებზე, დავაჟკაცდნენ, დაიზარდნენ ესენიც, ატარონ  მშვიდობაში.

ვის რა მოვუყვე, როგორ გავანდო ჩემი უმზეო სიზმრებისა, უმარილო ცრემლებისა, დარდით დაშაშრული ღაწვებისა. ვინ რა იცის, ზაფხულშიც როგორი ცივია ჩემი ლოგინი შვილის სამარესავით. ძალიან რომ მომენატრება გავიპარები ხოლმე, არ ვუმხელ ჩემს ქმარს. ხელისგულებით ვუთბობ საფლავის გულისპირს. -როგორა ხააარ, დედა მოგიკვდეს, ვეჩურჩულები.

რანაირად უნდა გიყვარდეს ადამიანს შენი სამშობლო, შენი მიწა, რომ ერთადერთი შვილი  ერთ მუჭა მიწად  მოაყარო ზედ. არა, განა მე გავუშვებდი ომში, მე ძველი ქართველი დედებივით ქალი ვერა  ვარ, გამეპარა, დედა მოუკვდეს. იარაღის  ხელში ჭერაც კი არ იცოდა, დედა მოუკვდეს. განა გონებაღა შემრჩა, დედა მოუკვდეს, ყველაფერი მავიწყდება, სადაც რას დავდებ, დედა მოუკვდეს. რამდენიმე დღის წინ საფულე დავკარგე, ფულზე არა ვდარდობ, ჭირს წაუღია  წინასწარ აღებული პენსია. ჩემი შვილის ბოლოს გადაღებული ფოტოსურათი მედო, იქ, გადაუღია, ომიდან გამომიგზავნა, დედა მოუკვდეს. ჩავჯდებოდი ხოლმე ჩვენი უბნის ავტობუსში, გადავშლიდი საფულეს და  დავყურებდი ზედ. ეგ ლოცვა არიო, მოძღვარმა მითხრა. ჰოდა, ეტყობა ლოცვის დროს გზაში დამივარდა, დედა მოუკვდეს.

მას მერე მიწას დავჩერებივარ, ავტობუსის მძღოლებიც გავაფრთხილე, გამვლელ-გამომვლელებიც. ვერსად ვპოულობ. განცხადება გამოვაკარი ჭადრის ხეზე: მე ქართველმა ქალმა  და დედამ დავკარგე აფხაზეთი, აფხაზეთის ომში  – შვილი, წლების მერე ავტობუსში – საფულე, საფულეში – წამლისთვის წინასწარ გამოტანილი პენსია და შვილის უკანასკნელი ფორმიანი ფოტოსურათიც. ვინც იპოვით, თუ შეძლებთ, დამიბრუნეთ აფხაზეთი, აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ოცი წლის შვილი, ძველი საფულე, საფულეში შვილის  გადაქერცლილი შავ-თეთრი ფოტოსურათი. მპოვნელი და დამბრუნებელი დასაჩუქრდება წამლისათვის წინასწარ გამოტანილი ერთი თვის  პენსიით.

მწერალი ნინო ქადაგიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები