ლენტეხის მუნიციპალიტეტმა საუკუნოვანი ტრადიცია – „ედიყობა“ – აღადგინა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით  და ბიზნესმენის, საერთაშორისო მედიატორის ვასილ ბაბლუანის მხარდაჭერით, სოფელ მამიში „ედიყობა“ 2022 გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც  მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, წელს განახლდა.

ტრადიციის მიხედვით, დღესასწაული ედიყის ამაღლების ტაძარში წირვით იწყება და სხვადასხვა სპორტული აქტივობით – დოღსა და ფრენბურთში შეჯიბრებით გრძელდება.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებიც გამოავლინეს, რომლებსაც სიგელები და სპეციალური პრიზები გადასცეს.

ღონისძიების სპონსორი კომპანიის, “Native racha-ს” დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა მოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სვანურად დავარგებული, ტრადიციული ხორცპროდუქტებით უმასპინძლა.

„„ედიყობა“ საუკუნეების წინანდელი დღესასწაულია, რომლის აღდგენა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. მუნიციპალიტეტის ჩართულობით, შევძელით ჩაგვეტარებინა ამ ღონისძიებისთვის დამახასიათებელი სპორტული აქტივობები, როგორიცაა დოღი და ფრენბურთი.

ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთგვარი ღერძი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, განვითარებისა და რეგიონის ეკონომიკის გაზრდისკენაა მიმართული,“ – აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა ლენტეხში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მოსახლეობის მხარდაჭერას გრძნობს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა ისტორიულ სოფელში მისასვლელი გზის აღდგენა და რეაბილიტაცია. მთის კურორტების განვითარების წარმომადგენლები სულ მალე ჩამოვლენ ლენტეხში, სადაც განვიხილავთ, როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს მუაშში, ასევე კურორტს ზესხოში. იგეგმება საბაგიროს მოწყობაც. ლენტეხს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ იყოს ყველასთვის სასურველი კურორტი და საინტერესო ადგილი ახალი აღმოჩენებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერას და ლენტეხის უნიკალურობას სულ მალე დავამტკიცებთ,“ – განაცხადა გია ონიანმა.

„ედიყობა 2022-ზე“ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავო. რაც ყველაზე სასიხარულოა, უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. ღონისძიების სპორტული აქტივობები გვიანობამდე გაგრძელდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მინდია ჩანქსელიანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც „ედიყობის“ დღესასწაულის აღდგენა სურდა.

„„ედიყი“ უძველესი სალოცავია. ტრადიციულად, ედიყის ტაძარში წირვა აღევლინებოდა და შემდეგ ტარდებოდა დოღი და ფრენბურთი. პირველად ედიყობა, დაახლოებით, 150 წლის წინ ჩატარდა. წელს, ჩვენდა სასიხარულოდ, ღონისძიების მონაწილე სულ ახალგაზრდა თაობა იყო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ აქტიურობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ედიყობა“ ერთ დიდ, ძალიან მასშტაბურ ღონისძიებად ვაქციეთ. რა თქმა უნდა, მომავალ წელს მასშტაბი უფრო გაიზრდება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე პრიორიტეტული ახლა ლენტეხი-უშგულის დამაკავშირებელი გზაა. ლენტეხი დღეს ერთგვარი ჩიხია, რომელიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ, რეგიონში უდიდესი პოტენციალის მქონე გახდება. პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. წარმოიდგინეთ ტურისტი, რომელიც კოპიტნარის აეროპორტში ჩამოვა, საათ-ნახევარში იქნება ლენტეხში და აქედან კიდევ საათ-ნახევარში – უკვე უშგულში. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი „განახლებული რეგიონი“, რომლის ფარგლებშიც, ლენტეხმა იერსახე შეიცვალა. ჩვენი მიზანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა,“- აღნიშნა ბერდია ჩანქსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები