დღეს არის დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, რომელსაც ეწოდება “ღირს არს” (“მოწყალე”; X)

ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს – „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა…“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.

მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყვალ ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.

„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“,  თბილისი, 2001 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები