ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს. ინფოტურის ფარგლებში თერთმეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი თბილისს ეწვია, დედაქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უზბეკი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის, ერთობლივი ტურების დაგეგმვის თემები განიხილეს.

„ჩვენ უზბეკეთის ტურისტულ ინდუსტრიის წარმომადგენლები ვართ, საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით ვიმყოფებით. დავათვალიერეთ თქვენი ძალიან ლამაზი ქვეყანა. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და დაახლოება საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან და დღეს შევხვდით ქართველ ტუროპერატორებს, მათთან გავცვალეთ ინფორმაცია. პანდემიის შემდეგ უზბეკეთში ძალიან ბევრი მოქალაქე დაინტერესებულია საქართველოში მოგზაურობით, რომ გაეცნოს თქვენს მშვენიერ ბუნებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და გაიცნონ ძალიან თბილი ქართველი ხალხი“,- განაცხადა შუხრაჯონ ამიჯანოვმა უზბეკური ტურისტული კომპანიის „ევრო ტურის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ტურის ფარგლებში უზბეკეთის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა მცხეთა, ბორჯომი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი მოინახულეს, დაათვალიერეს განთავსების ობიექტები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ინფოტურის მიზანია უზბეკი ტუროპერატორებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და უზბეკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა“, – ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები