41 წელი დიდი გამარჯვებიდან – 13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის ღირსშესანიშნავი თარიღია

1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის ღირსშესანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების 21-ე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.

თბილისის „დინამომ“ ამ გათამაშების 1/16 ფინალში დაამარცხა საბერძნეთის „კასტორია“, 1/8 ფინალში – ირლანდიის „უოტერფორდი“,  1/4 ფინალში – ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, 1/2 ფინალში – როტერდამის „ფეინოორდი“, ხოლო ფინალში – იენას „კარლ ცაისი“.

მეოთხედფინალში თბილისის „დინამოსა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შორის პირველი შეხვედრა 1981 წლის 4 მარტს ლონდონში გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

საპასუხო მატჩში, რომელიც 18 მარტს თბილისში შედგა, „დინამოელებს“ სტუმრებმა ანგარიშით 1:0 სძლიეს. ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში „დინამო“ გავიდა.

ნახევარფინალში თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეინოორდს“ შეხვდა.

პირველი შეხვედრა 1981 წლის 8 აპრილს თბილისში დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი 22 აპრილს როტერდამში „ფეინოორდმა“ ანგარიშით 2:0 მოიგო. ორი მატჩის ჯამში ფინალში „დინამო“ გავიდა.

ფინალური შეხვედრა გერმანიაში, დიუსელდორფის რეინშტადიონზე 1981 წლის 13 მაისს გაიმართა.

გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87).

გუნდების შემადგენლობა:

„დინამო“: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

„კარლ ცაისი“: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ოევერმანი 89), ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ (ტომას ტიოპფერი 76), იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი.

მწვრთნელი: ჰანს-იოახიმ მეიერი.

მსაჯები: რიკარდო ლატანცი; ლუიჯი ანგოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია).

გივი კიკვაძისა და სერგო ედიშერაშვილის ფოტოები

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები