213 სანთელი გარდაცვლილი უკრაინელი ბავშვებისათვის წნორში დაინთო

25 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დევნილ უკრაინელ ოჯახებთან და ადგილობრივებთან ერთად პატივი მიაგეს გარდაცვლილ უკრაინელ ბავშვებს – რუსეთის მიერ უკრაინაში 213 მოკლული ბავშვისთვის 213 სანთელი დაინთო და  213 კვერცხი  წითლად შეიღება. ინიციატორი „ცოდნის კაფე“ იყო – „ბავშვების სულისთვის მაინც უნდა ვიბრძოლოთ და ვილოცოთ მშვიდობიანი თავისუფალი უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის“

„ვუყურებდი დანთებულ 213 სანთელს და ამდენი ბავშვის, ადამიანებო, გესმით?!… ამდენი ბავშვის ციცქნა ხელის გულები, ფეხის გულები და გული მძიმე მიწაშია დაფლული  – რუსეთს და რუსებს რომ უნდათ მათ სხეულებზე დაყრილი მიწები, მარტო მაგიტომ, მადლობა პატივის მიგების საღამოს ორგანიზებისთვის:სიღნაღის მუნიციპალიტეტს ტრანსპორტით რომ უზრუნველჰყავით სიღნაღში მყოფი უკრაინელები, მადლობა  ადამიანებს კვერცხების შეღებვაში დახმარებისთვის, სანთლებისა და თეფშების რესურსებისთვის. პოლიციის თანამშრომლებს გზის ორგანიზებისთვის. და უმთავრესი მადლობა ცოდნის კაფე/Knowledge Cafe -ის გუნდს და უერთგულეს  ქართველ და ბელგიელ მოხალისეებს” – ამბობს ცოდნის კაფეს  თანადამფუძნებელი – ნანა ბაგალიშვილი

„რაღაცნაირად ყველაზე მეტად სევდიანი ამბავი იყო უკრაინელმა ბავშვებმა წნორში რომ გაიცნეს ერთმანეთი:

– მე უკრაინელი ვარ, შენ? – ეკითხება ევა ერთ ერთ ბავშვს.

-მეც უკრაინელი ვარ.

-მართლა?

-მართლა?_უკვირს ორივეს.

-მე ომის გამო ვარ აქ, შენ?

-მე ომამდე ჩამოვედი.

ევა უკრაინელია, სიღნაღში ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად, უკარგესი გოგოა, ჩვენმა თინეიჯერებმა გაიცნეს უკრაინელი თინეიჯერები და ხვალიდან ჩვენს ბელგიელ და იტალიელ მოხალისეებთან ერთად დაგეგმილ კურსებს, ისინიც შემოუერთდებიან” – ქეთი მოლაშვილი – „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები