საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი” პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი” პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი სამთავრობო დონეზე გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დაპარტამენტის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ასევე, სტუმრები აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მოხდა საზოგადოებისთვის პატრიოტი დიასპორელების წარდგენა, რომლებიც 4 აპრილის შემდგომ ესწრებიან გაკვეთილებს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში და მათ პატრიოტი დიასპორელის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა საბავშვო სტუდიებმა და ემიგრანტმა ბავშვებმა სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს. მოეწყო პროექტის ჰიმნის პრეზენტაციაც. კალიგრაფიულად შესრულებული ჰიმნის ტექსტი (კალიგრაფი ნინი იკაშვილი) გახსნა პროექტის ხელმძღვანელობამ პოეტ ნანა ცინცაძესა და კომპოზიტორ ნატო ჩაკვეტაძესთან ერთად. სიმღერა ბავშვთა მუსიკალურმა გუნდმა შეასრულა. გუნდის სოლისტები ადგილობრივ და დიასპორელ ბავშვებთან ერთად, არიან სანდრა გადელია (რანინას მესამე სეზონის გამარჯვებული) და ალექსანდრე ზაზარაშვილი (უკრაინის ვოისის გამარჯვებული) ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტმა სტარტი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან აიღო. ეს 2021 წლის 28 დეკემბერს ფონდ საქართველოს ემიგრანტებსა და თბილისის კლასიკური გიმნაზიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მოხდა.

აღნიშნული პროექტი ფონდმა “საქართველოს ემიგრანტებმა” შექმნა და ითვალისწინებს ქართული წარმოშობის დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში ვიზიტის ფაგრლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები