ანკარაში “ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი”გამოიცა

2022 წლის 12 თებერვალს, ქალაქ ანკარაში, საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა თურქეთის ქართული დიასპორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, მთარგმნელისა და მკვლევრის, ერდოღან შენოლის ავტორობით, თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (Gürcü Ansiklopedik Sözlüğü) პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ამასთან, აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ელჩმა, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთში მოქმედი ქართული ასოციაციების ფედერაციისა და დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, აგრეთვე, ლიტერატურული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ  წიგნი, ანკარაში საელჩოს აქტიური ჩართულობითა და თურქეთის ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის, ნურეთთინ ჩარმიქლის მხარდაჭერით დაიბეჭდა. საგულისხმოა, რომ 600 გვერდიანი თურქულენოვანი ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ მოიცავს ზოგად ინფორმაციას საქართველოს, ქართული კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნების, ტურისტული ღირსშესანიშნობებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ და მისი მიზანია, კიდევ უფრო აამაღლოს საქართველოს შესახებ ცნობადობა თურქეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები