„ის მთელი ცხოვრება ერთ დიდ სურათს ხატავდა…“ – თენგიზ მირზაშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა

1934 წლის 10 თებერვალს დაიბადა მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, ჩუბჩიკა… სულ 73 წელი იცოცხლა, „წავიდა და დაგვიტოვა თავისი “უხმო ნატირლები”, და ეს ნატირლები მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე…“

„ის მთელი ცხოვრება ერთ დიდ სურათს ხატავდა…

ასე ითხზვებოდა ერთი ვრცელი საგა; საგა თუშეთზე, სადაც გულხელდაკრეფილი ქალები და კაცები, ბავშვები და… საქონელიც კი “დგანან და ელიან”…

ის ქვედა ფენების მხატვარი იყო; და მაინც არისტოკრატი…

ის სოფლის მხატვარი იყო, ოღონდ, ამ უსახელო სოფელში მისთვის, რეზო ინიანიშვილის პროზასავით, მთელი მსოფლიო ეტეოდა.

ჩუბჩიკამ გადაიღო თავისი “დიდი მწვანე ველი”…

მისი ოპუსების ტირაჟირებულობა მოჩვენებითია. ეს – უფრო თემებია ვარიაციებით; თუნდაც, ვირტუოზული პარტიტები…

კოლორისტული სიმფონიზმის პრეზენტაცია არასოდეს ჰქონია; სამაგიეროდ, ჰქონდა მხატვრის შეუმცდარი თვალყური და, რაც მთავარია, ხელი; ხელში ჰქონდა ჭკუა–გონება… და, ცხადია, თავშიც, აურაცხელ ინფორმაციას რომ იტევდა; ემოციურად გადამუშავებულ ინფორმაციას…

ვერ ეგუებოდა გაფუყულ ავტორიტეტებს და ხშირად ქარის წისქვილებსაც ებრძოდა…

ის მხატვარიც იყო და მხატვარსაც თამაშობდა…

ჩუბჩიკას სოციალური არტისტიზმიც მისივე ნატურიდან მოდიოდა.

მისთვის უცხო იყო შემოქმედებითი პროცესის საკრალური აქტები: – ყველგან შეეძლო ეხატა, ყველას თანდასწრებით. გროსმაისტერივით სახელდახელოდ შეეძლო ეთამაშა ბლიც–პარტიები და თითო სვლით დაეშამათებინა მოპაექრე.

არადა, ოპონენტი მხატვრობაში თითქოსდა, არცა ჰყოლია; საამისო საბაბს არავის აძლევდა – შორიდან ყველას ეფერებოდა. თეორიაში – იცოცხლე, იმდენი კორიფე გადაიმტერა, თუმცა, თავისი ჩუბჩიკობის გამო ბოლომდე ვერავინ იმეტებდა.

ის თვითნაბადი ტალანტი იყო, ძალიან ქართველი მხატვარი; ქართველი და, მაშასადამე – ევროპელი…

ჩუბჩიკასეული თუშეთიც ევროპულია, რაღაცით ბრეიგელის სამყაროსაც რომ გვახსენებს.

თუშეთი ყველაფერს ერჩივნა. აქ აღმოაჩინა თავისი სამყარო; იქნებ უფრო – კუთხე, სულის შემძვრელი ინტიმურობითა და ადამიანად ყოფნის სევდით აღსავსე…

ამიტომ იყო მისი მხატვრობა ონტოლოგიური სევდის დღესასწაული.

მხატვრობა, თანაც კარგი მხატვრობა მან ყველასთვის მისაწვდომი გახადა, – ფასს საკუთარ პერსონას უფრო ადებდა, ვიდრე ნამუშევარს.

ის მხატვარი – მარათონელი იყო; მარათონელი და არა სპრინტერი… სულ სადღაც გარბოდა…

მხატვრობის ჩარჩოებში ვერ ეტეოდა…

ერთმა კვიმატმა ლიტერატორმა ხუმრობით თქვა ჩუბჩიკაზე, – “მელი მოძღვრადო…” მართლაც, მელასავით დაცუნცულებდა, სულ რაღაცას ეძებდა; საკბილოს…

ფიროსმანზე ამოსდიოდა მზე და მთვარე.

“უცნობი ფიროსმანებიც” საკმაოდ აღმოაჩინა, – ძველებს ახლები დაუმატა. ხალხური პოეზია იყო მისი გაუნელებელი სიყვარული და თავადაც ხალხური მთქმელივით იმეორებდა პაწია სურათებს; იმეორებდა და სუვენირებივით არიგებდა…

ერთ უსაშველოდ ცნობილ მოქანდაკეზე თქვა, – მკვდარი ხელი აქვსო…

ძალიან მენიშნა…

თავად კი ცოცხალი ხელი ჰქონდა; ცოცხალი, გაწაფული…

ეს იყო ნამდვილი ხელი–ქსეროქსი.

ის ჩინებულად ფლობდა ფერწერული ფუგის ხელოვნებას.

ვინ მოთვლის, რამდენი ოპუსი დატოვა; ამ ოპუსებს ზეპირი (თუნდაც, გაზეპირებული) ტექსტებივით თხზავდა, გზადაგზა ხატავდა…

სისადავის თანდაყოლილი გრძნობა მოსდგამდა. მისი მინიმალიზმიც კი მაქსიმალური იყო.

ისე ხატავდა, თითქოს წერდა…

ისე წერდა, თითქოს ხატავდა…

მისი სურათები იაპონური ტანკებივით “იკითხება”.

მას არასოდეს ეცალა მოტივში ჩაღრმავებისთვის. მისი ზერელობაც კი სანიმუშო იყო.

ის ხომ ჩუბჩიკა იყო…

მან სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება; ნამდვილი აღიარება.

ასეთ აღიარებას ოფიციოზი უკვე ვეღარ აკონტროლებდა…

თუმცა, არასოდეს ყოფილა დისიდენტი მხატვარი; არასოდეს მოკალათებულა ანდერგრაუნდში…

ის სახალხო მხატვარი იყო. არადა, გაგიკვირდებათ, მაგრამ კომუნისტებს ოფიციალურად ამგვარი წოდება არც მიუნიჭებიათ; ანკი, რაში სჭირდებოდათ?!

მის ესთეტიკას თავიდანვე ახლდა არტისტული ძალისხმევის ეთიკა; ეთიკა, რომელიც მავანთ სოციალურ ძალადობაში ერევათ და თვითდამკვიდრებისათვის ყველაფერს აკადრებინებთ…

ჩუბჩიკას ასეთი ძალადობა არ სჭირდებოდა, თავისთავად, მისდაუნებურად “გვახვევდა” თავს საკუთარ იმიჯს.

სოკრატესავით იყო, მხატვრობის სოკრატესავით…

ზოგიერთი გასამწარებლად გრაფომანსაც ეძახდა, მაგრამ ამ ბრიყვებს ვერ გაეგოთ, რომ ჩუბჩიკასთვის ხატვა სიამოვნების ერთადერთი ნამდვილი ობიექტი იყო.

მისი მხატვრობა მასკულტურის ყველაზე მისაღები ფორმაც იყო…

ხატვა და ნახატის გაჩუქება მისთვის სასიყვარულო ბარათის გაგზავნას უდრიდა; ბარათისა – ყველგან და ყველასათვის… ასეთ ბარათებს, უწინარეს ყოვლისა, თავის თავს უძღვნიდა. საკუთარ თავს უგზავნიდა… და ეს იყო, მოდი, ასე ვთქვათ, პირველადი ნარცისიზმის გულწრფელი ფორმა; და საკუთარი არსებობის, საკუთარი ექსისტენციის უტყუარი საბუთიც.

მას შეეძლო ეთქვა: – ვხატავ, მაშასადამე, ვარსებობ…

ჩუბჩიკას გააზრებული ჰქონდა თავისი დამოკიდებულება საკუთარი დროის, სოციალური დროის მიმართ…

თავისუფალი, უქმად გასატარებელი დრო არასოდეს ჰქონია.

წერტილის დასასმელად ვერასოდეს იცლიდა; ხეირიანად ინიციალებსაც კი ვერ უსვავდა წერტილებს…

მისი ცხოვრებაც მუდმივი სამწერტილი იყო…

მან შეთხზა თავისი “კარგად ტემპერირებული კლავირი,” რომელსაც სხვა ვეღარავინ შეასრულებს…

თავისი კალო გალეწა…

მის მიკროსურათებში დიდი ტკივილია დაუნჯებული, ტრაგიზმიც კი, ჩვენი გაუტანელი წუთისოფლის ტრაგიზმი…

წავიდა და დაგვიტოვა თავისი “უხმო ნატირლები”, და ეს ნატირლები მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე…“

დავით ანდრიაძე – უხმო ნატირლები

წყარო: ჟურნალი არტიფაქტი. – N 1. – 2008.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები