ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – საფრანგეთში რეგულაციები იცვლება

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს  ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, 24 იანვრიდან, საფრანგეთში 16 წელს ზემოთ ასაკის პირები ვალდებული იქნებიან წარადგინონ ვაქცინაციის პასპორტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესასვლელად, ასევე რეგიონთაშორისი ტრანსპორტით და თვითმფრინავით მგზავრობისას (გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებები და მოხუცთა თავშესაფრები, სადაც კვლავ შესაძლებელი იქნება, აქამდე არსებული სანიტარული პასპორტით მოხვედრა).

„ვაქცინაციის პასპორტი უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • პირის მიერ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მოწმობას (შესაბამის ვადებში და შესაბამის პირთათვის ვაქცინის დამატებითი დოზის ჩათვლით),
  • ცნობას კოვიდ ინფექციისგან გამოჯანმრთელების შესახებ (გამოჯანმრთელებიდან არაუმეტეს 6 თვისა და არანაკლებ 11 დღისა),
  • აუცრელი პირთათვის – ცნობას ვაქცინაციის უკუჩვენების არსებობის შესახებ.

 2022 წლის 15 თებერვლამდე, ვაქცინაციის პასპორტის წარდგენაზე გამონაკლისი დაიშვება იმ პირებისთვის, რომლებსაც ახალი გაკეთებული აქვთ ვაქცინის  პირველი დოზა და მეორე დოზის მოლოდინში არიან.  აღნიშნულ პირებს, ვაქცინაციის პასპორტის ნაცვლად, 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა შეეძლებათ.

აქამდე მოქმედი სანიტარული პასპორტით, მოქალაქეს აღნიშნულ დაწესებულებებში შესასვლელად შეეძლო „კოვიდ-19“-ზე ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენაც“, – ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები