ინფორმაცია გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

გერმანიამ ახალი საკარანტინო შეზღუდვები შემოიღო

KVIRA.GE-ს ინფორმაციით, ბუნდესრატმა, რომელიც გერმანიის პარლამენტში მიწების ინტერესს წარმოადგენს, კორონავირუსით ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაამტკიცა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტები თავისუფლდებიან იზოლაციის შეზღუდვისგან, თუკი მათ აცრის ბუსტერული დოზა აქვთ მიღებული. გარდა ამისა, კარანტინის ვადა დაინფიცირების შემთხვევაში მცირდება – ეს იმისთვის კეთდება, რომ ინფიცირების მკვეთრი მატების შემთხვევაში რიგ დარგებში პერსონალის დეფიციტი გამოირიცხოს. ახლა იზოლაციიდან გამოსვლას გერმანელები შვიდი დღის შემდეგ შეძლებენ, თუკი PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფით შედეგს წარადგენენ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლს ლაუტერბახმა ბუნდესრატის სხდომაზე აღნიშნა, რომ პანდემიამ „საკვანძო მომენტს“ მიაღწია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საუბარია იმაზე, მოხერხდება თუ არა ასეთი მიდგომით მიაღწიონ იმას, რომ სამომავლოდ ეპიდემიის აფეთქება მხოლოდ წერტილოვნად მოხდეს და მსხვერპლიც ძალიან ცოტა იყოს.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამის საშუალებაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს საშუალება დავამთავროთ პანდემია გერმანიაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ წელს“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები