3-5 დეკემბერს ონლაინ ფესტივალი „მოგზაურობა კავკასიაში – საქართველო“ გაიმართება

3-5 დეკემბერს მწერალთა სახლის ორგანიზებით ფრანგულენოვანი აუდიტორიისთვის ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის „მოგზაურობა კავკასიაში – საქართველო“ პარტნიორია ფრანგული კულტურული მედია პლატფორმა Toute la culture. ფესტივალი 2021 წელს საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ბოლო ღონისძიება იქნება, რომელსაც მწერალთა სახლი განახორციელებს. პროექტი ასევე ეძღვნება საქართველო-საფრანგეთის 100-წლიანი მეგობრობის ისტორიასა და ქართული ემიგრაციის პირველ ტალღას.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შემდეგ საქართველომ აქტიური მუშაობა დაიწყო ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულენოვან სამყაროში, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. 2022 წელს საქართველო პირველად წარსდგება ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზეც. მანამდე კი 12 ღონისძიებისგან შემდგარი ონლაინ პროგრამა ფრანგი მაყურებლისა და მკითხველისთვის მზადდება.პროგრამაში მონაწილეობას ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი მარიამ დაბო იღებს, ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე და საფრანგეთში უკვე კარგად ცნობილი ქართული წარმოშობის მწერლები ნინო ხარატიშვილი და ქეთევან დავრიშევი.

სამი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებების მონაწილეები არიან მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, მეცნიერები და მუსიკოსები საქართველოდან და საფრანგეთიდან: ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლანა ღოღობერიძე, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა სირაძე, ანა ჭეიჭვილი, ბაჩანა ჩაბრაძე, მაკა კასრაძე, ნინო კირთაძე, გელა წულაძემ ეკა ენუქიძე, ზაზა შენგელია, მებო ნუცუბიძე, ბერნარ უწიე, გზავიე მოტე, ფრანსუა მერე, იზაბელ რიბადო დიუმა, ანე კოლდეფი ფოკა და პიერ გვიგვი.

ქართულ პოეზიასა და პროზასთან ერთად, პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ქართულ კინოს, მუსიკასა და მხატვრობას, განსაკუთრებით კი ნიკო ფოროსმანსა და ძმებ ზდანევიჩებს. ფესტივალის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ქართულ დრამატურგიაზე, ლიტერატურის ისტორიაზე, ანბანზე და, რა თქმა უნდა, ღვინის კულტურაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები