ნიკა ეგაძემ გრაცის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ გრაცში, 1-14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. სენიორების კატეგორიაში მონაწილე 18 ქვეყნის 27 მოციგურავე მამაკაცს შორის ასპარეზობდა ქართველი სპორტსმენი ნიკა ეგაძე, რომლისთვისაც ავსტრიის თასი, ამ სეზონზე ,ყაზახეთისა და ლატვიის ტურნირების შემდეგ ,მესამე საერთაშორისო სტარტი იყო. ტურნირი წარმომადგენლობითი აღმოჩნდა თავისი შემადგენლობით, ამიტომ ქართველ მოციგურავეს ასპარეზობა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში მოუხდა ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესტონეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, კანადისა თუ სხვა რეიტინგული ქვეყნების უკვე გამოცდილ სპორტსმენებთან. ნიკამ ღირსეულად გაართვა თავი საკმაოდ რთულ, ტექნიკური ელემენტებითა და ოთხმაგი ნახტომებით დატვირთულ პროგრამას და ორი პროგრამის ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში მიღწეული ყველაზე მაღალი შედეგია.

“ნიკა ეგაძე ბათუმის სპორტული ცენტრის აღზრდილია, მისი პირველი წარმატება სწორედ ამ ცენტრში, მის პირველ მწვრთნელ ლელა ჩოფიკაშვილთან ერთად მიღწეულ შედეგებს უკავშირდება და ალბათ,  სიმბოლურიცაა, რომ ნიკას დღევანდელი წარმატება 2015 წელს , სწორედ 14 ნოემბერს , სლოვენიის ქალაქ ცელიეში მიღწეულ მის პირველ გამარჯვებას დაემთხვა,სადაც იგი ჯერ კიდევ ნოვისებს შორის ასპარეზობდა” აღნიშნულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები