„ანიდან ჰოემდე“ – კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში როგორც ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას, ასევე,  ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა დააახლოებს ახალგაზრდებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

“კონკურსის ფარგლებში მოხდება ქართული ანბანის შესახებ ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსის წესით შეფასება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომების (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლენა. აუცილებელია, რომ საკონკურსო ნამუშევრები შესრულებული იყოს ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე (საქართველოს დროით) გაიმართება ონლაინ ტრენინგი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული  ფორმა N2  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com.

გაცნობებთ, რომ 13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგზე დასწრებისთვის შესაბამის ბმულს.

საკონკურსო განაცხადებისა (იხ. ფორმა N1) და ნაშრომების მიღება დაიწყება 2021 წლის 11 ნოემბრიდან და 2021 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდება.

განაცხადი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com

საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება 2021 წლის დეკემბერს მოხდება.“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსის ფარგლებში ასევე იგეგმება საუკეთესო ესეების კრებულის გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები