კამპანია „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“, მოძრავი გამოფენის სახით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოძრავი გამოფენის სახით გაიხსნება კამპანია „პანდემია,ისტორია და მსოფლიო“.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ დაინახოს პანდემიით გამოწვეული პრობლემის არსი და გააცნობიეროს, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ მისი საწინააღმდეგო ვაქცინაა.

„პანდემია არ არის ახალი მოვლენა მსოფლიოსთვის. საუკუნეების მანძილზე არაერთი პანდემია იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით ხშირად კი – ევროპაში. გამოფენა ზუსტად ამ პრინციპით ავაწყეთ: დაწყებული რომის იმპერიით, რომელსაც შავი ჭირის მოედო,  გაგრძელებული საქართველოთი, მათ შორის, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პერიოდით, რომლის დროინდელი ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები არსებობს, სადაც სწორედ პანდემიას და არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერენ.

შუა საუკუნეებში არაერთხელ აფეთქებულა ევროპაში და მათ შორის, საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია, შემდგომ – ქოლერა. სწორედ შავი ჭირი დაემთხვა ერეკლე II-ის პერიოდს. თავად ერეკლე რომ გარდაიცვალა, 40 დღის განმავლობაში ვერ დაკრძალეს. მეორმოცე დღეს ჩამოასვენეს თელავიდან სვეტიცხოველში. ვინაიდან შავი ჭირი მძვინვარებდა, ერეკლე რამდენიმე ადამიანმა: პირადმა მოძღვარმა და მათ შორის, პირადმა მცველმა შეასვენა. ჭირისუფლები არაგვის მეორე მხარეს იყვნენ.

ისტორიას უამრავი ისეთივე მძიმე შემთხვევა ახსოვს, როგორიც დღეს გვაქვს. შავი ჭირის გარდა, ჩვენთან პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მძვინვარებდა „ისპანკა“, ე.წ. ესპანური გრიპი, შემდეგ ტიფი, ყვავილი და სხვა არაერთი დაავადება, რომელიც მთელ მსოფლიოში ცირკულირებდა. ბევრ შემთხვევაში, ადამიანებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს, თუმცა, პირველ რიგში, ამ დაავადებებთან ბრძოლის წესები შეიმუშავეს. ერთ-ერთი პირველი სწორედ ვაქცინაცია იყო ყვავილზე, ქოლერაზე და ა.შ.

გვინდა, ამ გამოფენით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ვაჩვენოთ ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება და მოვუწოდოთ ვაქცინაციის, დისტანციის დაცვის, პირბადის ტარებისა და ყველა იმ შეზღუდვის გათვალისწინებისკენ, რომელიც COVID-19-ისგან გამოწვეული მძიმე შედეგებისგან დაგვიცავს.

ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა არ იქნება ფუჭი და მოსახლეობას ამ ყველაფერს ისტორიული კუთხით დავანახებთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ გადარჩნენ ადამიანები დაავადებებთან ბრძოლაში სწორედ ვაქცინით,“ – აღნიშნავს მირიან ხოსიტაშვილი.

გამოფენის იდეას მიესალმება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა და მიიჩნევს, რომ ღონისძიება ხაზს გაუსვამს ვაქცინაციის აუცილებლობას. მისი თქმით, ვაქცინაცია ცხოვრების ჩვეული რიტმის დასაბრუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ერთობლივად ბევრ პროექტს ვახორციელებთ. ეს აქტივობა, რომელიც პანდემიას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, თუ რა არის პანდემია და როგორ ხდება მისი დამარცხება. გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მრავალი დაავადებაა იქნება მიმოხილული ისტორიულ ჭრილში, ეს ღონისძიება უშუალოდ Covid-19-ს მიეძღვნება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნით, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი პრევენცია, იქნება ეს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა თუ ხელების დამუშავება და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამას აკეთებს ისეთი მაღალაკადემიური დაწესებულება, როგორიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავესწრებით გამოფენის გახსნას და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში კიდევ ბევრ ერთობლივ პროექტზე ვიმუშავებთ.

ვაქცინაციის შედეგად, ადამიანებმა უკვე დაამარცხეს უამრავი დაავადება. ვაქცინების მეშვეობით, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ვიცავთ. კოვიდვაქცინაციაც პანდემიის დასრულების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა გახლავთ,“ – აცხადებს ლელა სტურუა.

მოძრავი გამოფენა საქართველოს ათივე რეგიონში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არამედ პანდემიის წინააღმდეგ საზოგადო მოღვაწეებისა და მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ბანერი, სადაც დამთვალიერებლები თანამოქალაქეებს, სამოტივაციო სლოგანებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საგამოფენო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება ფოტო და ვიდეო გადაღება, რომლის მიხედვითაც მომზადებული მასალა სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო პორტალებზე  განთავსდება.

პირველი ღონისძიება თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება, ხოლო 25 ოქტომბრიდან გამოფენა ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაგრძელდება..

მოძრავი გამოფენის PR და საინფორმაციო მხარდამჭერია ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები