საქართველოს კლდის ძეგლებზე ბუნებრივი საფრთხეების შესაფასებლად საველე სემინარი გაიმართება

21-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ ფლორენციის უნივერსიტეტსა და იტალიის გარემოს დაცვის ინსტიტუტთან (ISPRA) ერთად გამართავს საველე ვორკშოპს საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე ზემოქმედი ბუნებრივი საფრთხეების შესაფასებლად, დისტანციური ზონდირების დახმარებით. სამუშაოს კოორდინაციას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

ქართული მხრიდან ვორკშოპს უხელმძღვანელებს კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მიხეილ ელაშვილი ხოლო იტალიური მხრიდან ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ: ფლორენციის უნივერსიტეტიდან პროფ. ჯოვანი გიგლი, პროფ. ვილიამ ფროდელა და დრ. ლუკა ლომბარდი ხოლო ISPRA -ს წარმომადგენლები იქნებიან დრ. დანიელე სპიჩინო და პროფ. კლაუდიო მარგოტინი.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტები: გიორგი კირკიტაძე, ლევან ნავროზაშვილი, ლუკა ადეიშვილი და მაგისტრანტები: თეა მუნჩავა, მიშო ლობჯანიძე, გიორგი ლალუაშვილი.

საველე სემინარში მონაწილეობას მიიღებს მაგისტრანტი იზაბელა ფრულინი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფლორენციის უნივერსიტეტებს შორის 2021 წლის Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში ილიაუნიში სამაგისტრო ნაშრომზე იმუშავებს.

საველე სემინარზე სტუდენტები შეისწავლიან ქანების მდგომარეობის აღწერას, დამცავი ღონისძიებების გატარებასა და მონიტორინგს. საველე სემინარი გაიმართება შემდეგ ადგილებში: 21-22 ოქტომბერი, ვარძია/ 23 ოქტომბერი, უფლისციხე (კლდეში ნაკვეთი ქალაქი) /24 ოქტომბერი, დავითგარეჯა (საბერეების მონასტერი და მრავალწყაროს მონასტერი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი ფლორენციის, ბოლონიისა და მილანის უნივერსიტეტებისა და ISPRA-ის კოლეგებთან ერთად უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. 2014 წელს დაწყებული სამუშაოს შედეგად რეაბილიტირდა ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი, მუშაობა გრძელდება უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები