„ჩვენს ხალხს აღვუძრათ წყურვილი გამოფხიზლებისა, შრომისა და იმედიანი მომავლისა”… პეტრე უმიკაშვილის წერილი ფილიპე გოგიჩაიშვილს

17 ოქტომბერი  გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ლიტერატორის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და თეატრალის,  პეტრე უმიკაშვილის დაბადების დღეა. მან  ქართული ფოლკლორის  უნიკალური კოლექცია  შეაგროვა და გარდაცვალების წინ ანდერძით ქართველ ეკონომისტსა და პუბლიცისტს ფილიპე გოგიჩაიშვილს გადასცა, რომელმაც ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექციის ნაწილი ვრცელი წინასიტყვაობით გამოაქვეყნა 1905 წელს („სახალხო ლექსები“). 1937 წელს  კი გოგიჩაიშვილმა გამოსცა ამ კოლექციის პოეტური ნაწილი, ეს ნაწყვეტია პეტრე უმიკაშვილის წერილიდან, რომელსაც ის გოგიჩაიშვილს 1897 წელს წერს.

„ნათელი და მხიარული ფიქრები ძალათი უნდა მოვათრიოთ, თუ არ ვხედავთ ჩვენს კერძო ყოფა-ცხოვრებაში. მომავალი საზოგადო წინსვლის რწმენა, მისი მომავალი აუცილებლობა ადამიანის ცხოვრებაში ნათელია და მისი სხივი გვინათებს კერძო საკუთარ და საზოგადო ყოფის სიბნელეს, მახინჯობას, ჩაგვრას, სიძაბუნეს, შეურაცხყოფას… ვიმუშაოთ, რამდენად შეგვიძლია, ნათელის ფიქრებით, ოღონდ ვიმუშაოთ და გვწამდეს მომავლის სიკეთე, თორემ შავი ფიქრი გვადუნებს. წინსვლა ადამიანისა უეჭველია. საკუთარი კერძო უბედურება, სიღარიბე, წმინდა სურვილების აუსრულებლობა ნახევარ სიცოცხლეს გვტაცებს, თუ სრულად არა, მაგრამ ვინც ადამიანს – კაცობრიობის ბედს და ყოფას უერთებს თავის ატომ-კერძოობას, ის მომავლის იმედით მხიარულია. მეც ბევრი მწუხარება და უბედობა გამომივლია, განწირულებაშიც ვყოფილვარ, სიღარიბე, პატიოსანი სურვილის აუსრულებლობა, გარსმყოფთა უბედურება, – ყველა ესეები გადამხედია. ვიყავი გულდახურული, ნაღვლიანი, მხდალი, მაგრამ რწმენამ, რომ მე ატომი ვარ საზოგადო ჩარხის წინმავალ ტრიალში, გამომაფხიზლა და აგერ მხედავ პირმოცინარს, მხიარულს, თითქოს აღარაფერ ნაღველს, ზრუნვასა და ფიქრს ჩემს გულში და თავში ადგილი აღარა ჰქონდეს. ნაღველი და ფიქრი როგორ მოშორდება კაცს, მაგრამ,როდესაც შავია ის ნაღველი და ფიქრი, წიხლსა ვკრავ და საზოგადო ჩარხის ტრიალს ვანაცვალებ, იმაში ვლესავ და ვაწყალებ… წუხილს აქარწყლებს კაცობრიობის ისტორია. ყველა ხალხი ველურობაში ყოფილა და მერე წინ წაუდგამს ფეხი. მეცნიერებისა და დიდებული აზრების თანდათან გავრცელება, ტექნიკა საცხოვრებელის სახსრის გაუმჯობესებისა, დაახლოება ერებისა, შეგნება თითოეული ინდივიდუუმის უფლებისა, სამართლისა და საჭიროებისა წინ წასულა, მიდის და წავა მუდამ… დიახ, ჩვენ ტყის შვილები ვართ. ხომ? რომ ვართ, გამოვალთ, გამოვდივართ. ნელნელა გამოვდივართ, იმიტომ რომ ცხოვრება თავში გვცემს, და გამოვალთ. რა ვუყოთ, რომ ზოგი ადრე გამოსულა, ზოგი გვიან. გაჩერება იმაზე და წუწუნი, რომ ასეთები ვართო, მალე უნდა მოვინელოთ და არ გავხადოთ საგნად. რასაკვირველია, ცოდნით უნდა ვიცოდეთ, რაცა ვართ; უნდა გამოვარკვიოთ და დავანახოთ ჩვენსავე ხალხს თავისი სისუსტე, მაგრამ არა იმგვარად, რომ სასოწარკვეთილების აზრი გავამეფოთ, არამედ აღვუძრათ წყურვილი გამოფხიზლებისა, შრომისა და იმედიანი მომავლისა… მე ჩემს თავს არ ვუყურებ, – გარსმყოფს, ახლო მყოფს თუ შორეულს ცხოვრებას ვუყურებ და მიხარიან თითო ნაბიჯის გადადგმაზედ, იმით ვამხნევებ იმედს და თანდათან თვალითაც და შეგნებითაც ვრწმუნდები საერთო ბედნიერების მოახლოებაში, არ მაშინებს მისი წაბირძიკება, – ეს წარმავალია. როგორც ახლად ფეხადგმულის ყმაწვილისა… კაცთა ბედნიერების იმედით ვიმედოვნებ და ჩემის სიცილ-ხარხარით, ნათელის ფიქრით, მინდა სხვასაც შევყარო ნათელი ფიქრი, შეწუხებულ გულს იმედის რწმუნება ჩავუსახო, განწირულებით დაჩაგრულს სიცოცხლისაკენ მოსაბრუნებელი გზა გავუადვილო და სიმწარის ცრემლი სასიცოცხლო ღიმილად შევუცვალო. ნათელი ფიქრი, მხიარული გული ენერგიაა, ელექტრონია, მიმზიდველი ძალაა კეთილ საქმეშიაც და ბოროტშიაც. მოწყენილი ფიქრი, მოწყენილი სახე დამჩაგვრელია გარსმყოფისათვის, არ არის მიმზიდველი, ენერგიას ჰხუთავს. რად მინდა შემხუთველი რამ მეტი, – უიმისოდაც ცოტა არაა, რომ მეც მივუმატო ჩემს გარსმყოფს ან თვით ჩემს გულს“…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები