ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კატარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 ოქტომბრიდან, ქვეყნებში არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, განახლდება წითელი და მწვანე ქვეყნების სია. განახლებულ სიაში საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს დაიკავებს.

2021 წლის 6 ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდება კატარში შემოსვლის ახალი წესები, კერძოდ:

ნებისმიერი მგზავრი, მათ შორის კატარის მოქალაქე და კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირი, რომელიც მოემგზავრება კატარის სახელმწიფოში, ვალდებულია შეავსოს ვალდებულების და აღიარების ფორმა (Undertaking and Acknowledgement Form), რომელიც განთავსებულია კატარის საზოგადოებრივი ჯანმთელობის, კატარის ავიახაზების და www.ehteraz.gov.qa ვებგვერდებზე. ფორმის შევსების ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან ის მოქალაქეები და ბინადრობის მოწმობის მქონე პირები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან კატარის სახელმწიფოში და მოემგზავრებიან ერთ-ერთი მწვანე ქვეყნიდან.

ნებისმიერი მგზავრი, მათ შორის კატარის მოქალაქე და კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირი, გამომგზავრებამდე 72 საათით ადრე ვალდებულია გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია (PCR ტესტი, ვაქცინაციის ცნობა და ა.შ.) შემდეგ ვებგვერდზე – www.ehteraz.gov.qa.

კატარის სახელმწიფო სრულად აღიარებს შემდეგ ვაქცინებს:

  • Pfizer BioNTech (mRNA vaccine)
  • ModernaTX, Inc. (mRNA vaccine)
  • Vaxzevria, and Covishield by Oxford-Astrazeneca (Viral Vector vaccine)
  • Janssen/Johnson&Johnson by Janssen Pharmaceuticals Companies of Johnson & Johnson (Viral Vector vaccine)

კატარის სახელმწიფო ნაწილობრივ და გარკვეული პირობითობის დაცვით აღიარებს შემდეგ ვაქცინებს:

  • BBIBP-CorV/Sinopharm by Beijing Institute of Biological Products (Inactivated vaccine)
  • Sputnik V

„კატარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ სრულად აღიარებული ვაქცინებით აცრილი პირები, რომლებიც არიან კატარის მოქალაქეები, GCC-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, ან კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირები და მოემგზავრებიან „მწვანე სიაში“ მყოფი სახელმწიფოებიდან, კატარში ჩამოსვლიდან 36 საათის განმავლობაში ვალდებულნი არიან ჩაიტარონ PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით კატარის პირველადი სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრებში ან კერძო კლინიკებში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება თვითიზოლაციას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირი გათავისუფლებულია კარანტინის გავლის ვალდებულებისაგან. არავაქცინირებული არასრულწლოვანი პირები თავისუფლდებიან კარანტინისაგან. ასევე 4 წლამდე ბავშვები თავისუფლდებიან სავალდებულო PCR ტესტირებისაგან.

კატარის მოქალაქეები, GCC-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ან კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირები, რომლებიც კატარში მოემგზავრებიან „მწვანე სიაში“ მყოფი ქვეყნებიდან და არ არიან აცრილები კატარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ სრულად აღიარებული ვაქცინით, გაივლიან 7 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას სახლის პირობებში. მოქალაქეები ვალდებულნი არიან PCR ტესტი გაიკეთონ გამომგზავრებამდე 72 საათით ადრე, ასევე ტესტირება ჩაუტარდებათ მე-6 დღეს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის სივრცეს დატოვებენ მე-7 დღეს.

ვიზიტორები, კატარის ბინადრობის არმქონე პირები, რომელიც აცრილნი არიან კატარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ სრულად აღიარებული ვაქცინებით და  მოემგზავრებიან „მწვანე სიაში“ მყოფი სახელმწიფოებიდან, თავისუფლებიან კარანტინისგან. მოქალაქეები ვალდებულნი არიან PCR ტესტი გაიკეთონ კატარში გამომგზავრებამდე 72 საათით ადრე.

არავაქცინირებული ვიზიტორები, კატარის ბინადრობის მოწმობის არმქონე პირები დაექვემდებარებიან კარანტინს სასტუმროს პირობებში 7 დღის ვადით. მე-6 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საკარანტინო სივრცეს დატოვება შესაძლებელია მე-7 დღეს.

ვიზიტორები, რომლებიც აცრილები არიან კატარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ნაწილობრივ და გარკვეული პირობითობის დაცვით აღიარებული ვაქცინით, გამომგზავრებამდე უნდა წარმოადგინონ ანტისხეულებზე სეროლოგიური ტესტის პოზიტიური პასუხი. ამასთან აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

მგზავრმა, რომელიც ვაქცინირებული არ არის კატარის სახელმწიფოში, უნდა წარმოადგინოს ვაქცინაციის ინგლისურენოვანი სერთიფიკატი მოქმედი QR კოდით, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინის მიმღების სახელი და გვარი, როგორც აღნიშნულია მის პასპორტში, ვაქცინაციის თარიღი, როგორც პირველი, ასევე მეორე დოზა, ვაქცინის ტიპი/დასახელება, ვაქცინის ლოტის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვაქცინაციის დაწესებულების ოფიციალური ლოგო და ბეჭედი.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები