ჩინეთში საერთაშორისო კონფერენცია – „აღმოაჩინე საქართველო“ გაიმართა

24 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნგის კომიტეტის ორგანიზებით ქ. გუანგჭოუში 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოს ფარგლებში, გუანდუნგის ბიზნეს შესაძლებლობათა ხელშეწყობის საერთაშორისო კონფერენცია – „აღმოაჩინე საქართველო” გაიმართა (Guangdong International Business Opportunities Promotion Conference – „Explore Georgia“). ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს, გუანდუნგის კომიტეტის პრეზიდენტი, ფანგ ლისიუ და ქ. გუანგჭოუში არსებული სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი გუანგდუნგის პროვინციაში ბექარ მიქაბერიძე.

ელჩმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. ასევე აღინიშნა, საქართველოსა და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩინეთის წამყვან პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა.თავის მხრივ, ფანგ ლისიუმ ხაზი გაუსვა ჩინური მხარის მზარდ ინტერესს, რეგიონში ქართული პროდუქციის იმპორტის მიმართ და გამოხატა მზადყოფნა, საელჩოსთან კოორდინირებული მუშაობისთვის.

ბექარ მიქაბერიძემ გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ქართული ბიზნეს სახლის კონცეფცია და საქმიანობა, რაც ხელს უწყობს რეგიონში ქართული პროდუქციის, ტურიზმისა და საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციას.

კონფერენციის დასასრულს, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნგის კომიტეტსა და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლს შორის, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გუანდუნგის პროვინცია, ჩინეთში როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით (ჩინეთის მთლიანი მშპ-ს 12 პროცენტი), ასევე მოსახლეობის მხრივ (116 მილიონი) პირველ პოზიციას იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები