სვანეთის პირველი საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 3-7 ოქტომბერს , მესტიაში, სვანეთის პირველი საერთაშორისო ფილმების ფესტივალი ჩატარდება, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. კინოფესტივალის დამფუძნებლები რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი არიან.

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს უმასპინძლებს.

ფესტივალის პირველ წელს წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრები არიან : ჟიურის თავჯდომარე – Paolo Bertolin, ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი, რეჟისორები ლევან კოღუაშვილი და ანა ურუშაძე.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა ქალღმერთი დალის პრიზი. ასევე, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.

„ფესტივალის ფარგლებში მოხდება 11 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის პრეზენტაცია და გაიმართება ტრენინგები, რომელთაც პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ჩაატარებს.

გამარჯვებულ პროექტებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გადაეცემათ ფულადი ჯილდოები:

პირველი ადგილი – 5000 ლარი

მეორე ადგილი – 4000 ლარი

მესამე ადგილი – 4000 ლარი

ჟიურის წევრები : რეჟისორები რუსუდან ჭყონია და გიორგი ოვაშვილი.

ფესტივალს გახსნის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი’’, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი და პროდუსერი რატი ონელი წარადგენენ. ფესტივალზე ასევე მოეწყობა შემდეგი ქართული ფილმების სპეციალური ჩვენებები: „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე, „ჯიმ შვანთე“ – რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ფული“ – რეჟისორი გელა ბაბლუანი, „პატარძლები“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და „მეზობლები“ – რეჟისორი გიგი აბაშიძე.

კინოფესტივალზე მასტერკლასებს ჩაატარებენ: პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, პროდიუსერი ქეთი დანელია და მონტაჟის რეჟისორი ლევან კუხაშვილი. ონლაინ რეჟიმში გაიმართება Paolo Bertolin-ისა და Christophe Leparc-ის მასტერკლასებიც.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები