მზიანი გული, რომელიც 14 სექტემბერს გაჩერდა…

დღეს ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა…

„გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა.”

„ვინ დაიწყო ომი?…მე თქვენ გელაპარაკებით ვინ დაიწყო ომი?

–  ომი ჰიტლერმა დაიწყო კოწია რავა ჩვენ გვაბრალებ თუ?

–  ჩუ ჩუ… მე დავიწყე ომი,  კესარია სოსელია ადექი თუ ხარ კრებაზე!

–  აგერ ვარ კოწია, არ მითხრა რამე უბედურება არ დამღუპო!

–  ვინ შეგხვდა სოფელში და ვინ იყო ის კაცი რომელმაც გითხრა ომი დაიწყოო?

–  ვინმეს ხომ უნდა ეთქვა შე დალოცვილო შენი რა ბრალია.

– ლუკაია ფოცხიშვილო ვინ პირზემიწადასაყრელმა შემოიტანა შენს ოჯახში სიკვდილის ამბავი? თქვი შე ღვთის პირიდან გავარდნილო!

ევგენია ვინ გითხრა პირველად დაიღუპა შენი შვილიო? რად მინდა მე თქვენი ცრემლების ყურება, რად მინდა ცხოვრება მეზობელს თუ ჩემი დანახვის ეშინია… არ მინდა ფოსტალიონობა! არ მინდა გეყურებათ თქვენ! ჩემი ალმასხარაც ომშია არ გეცოდებით ხალხო? -ღმერთო შენ მაინც არ გეცოდები ჩამოდი  და დაურიგე ამბის ცნობები ამ ხალხს ღმერთი ხარ ყველაფერს გაუძლებ გეყურება შენ ღმერთო? რას დამუნჯებულხარ ამოიღე ხმა…….”

“ომი გათავდა, ბეჟანა, ომი. ვეღარ იცნობ ჩვენს სოფელს, ქვეყნის ხალხი დაბრუნდა, გერასიმეს ბიჭი დაბრუნდა, ნინიჩკას ბიჭი დაბრუნდა, მინას ევგენი დაბრუნდა, ნოდარას მამა დაბრუნდა, ოტიას მამაც დაბრუნდა, ცალფეხა დაბრუნდა, ბეჟანა, მაგრამ მაგის ფეხს ვინ უყურებს, ვის უნდა მაგის ფეხი. ლუკაიას კუკურა არ დაბრუნდა, ბეჟანა, არც შავი მაშიკოს მალხაზა, ბევრი არ დაბრუნდა და მაინც ვერ იცნობ, ბეჟანა, ჩვენს სოფელს, ახლა მარილიც იშოვება და ჭადიც. შენს მერე ათი ქორწილი იყო, ბეჟანა, ათივეზე დამპატიჟეს და ღვინოს მაძალებდნენ დიდი კაცივით. გოგია ცერცვაძე ხომ გახსოვს? ათი შვილის მამა, იგიც დაბრუნდა და მისმა ცოლმა თალიკომ მეთერთმეტე ბავშვი გააჩინა,”

„სოფელს გავხედე. ოდებიდან კვამლი ამოდიოდა თეთრ ბოლქვებად. მამლები ყიოდნენ, ძროხები ბღაოდნენ, თხები პეტელაობდნენ, თიკნები კიკინებდნენ, ქათმები კრიახობდნენ, კონცხოულაზე უშველებელი მზე შემომდგარიყო… უცებ სხეული სითბოთი ამევსო და ყურებში სასიამოვნო ზარმა დარეკა. ჩემს ეზოში ძაღლი ყეფდა“

“ჩვენ გვეყოლება უამრავი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, იმათი შვილები და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით, მერე ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და არასოდეს აღარ დავიხოცებით…”

და მართლაც – ის რაც მან დატოვა – უსაშველო და უსასრულო სიკეთით სავსე შემოქმედება არასოდეს არ დამთავრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები