100 წელი მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე კრებიდან, რომელიც გელათის მონასტერში გაიმართა

100 წელი შესრულდა ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე კრებიდან, რომელიც გელათის მონასტერში გაიმართა

1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში გამართული მესამე საეკლესიო კრების ძირითადი მიზანი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

1921 წლის თებერვლიდან საქართველო ანექსირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ, ხოლო იმავე წლის 15 აპრილს გამოცემული დეკრეტით საბჭოთა საოკუპაციო მმართველობამ ეკლესია ფაქტობრივად კანონგარეშედ გამოაცხადა. ამ ურთულეს ვითარებაში საეკლესიო კრების გამართვა და კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა გაცილებით მეტი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე იყო. აღნიშნულმა საეკლესიო კრებამ დააფიქსირა, რომ თუ არ შეიცვლებოდა 15 აპრილის დეკრეტი, მაშინ ეკლესია საკუთარ თავს ოფიციალურად გამოაცხადებდა დევნილად.

გელათის მესამე კრებას ესწრებოდა 212 დელეგატი. კრების პრეზიდიუმის შემადგენლობა გახლდათ ამგვარი: თავმჯდომარე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია); ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე); დავით ნიჟარაძე; რაფიელ ივანიცკი (ინგილო).

კრების სამდივნო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: დეკანოზი ერასტი თუთბერიძე, დეკანოზი გიორგი ინაშვილი, დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, მღვდელი ნაომ შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი).

საპატრიარქო ტახტზე ასარჩევად დამტკიცდა ორი კანდიდატი: მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი.

კრების დელეგატთა მოსაზრებების გარკვეული შეუთავსებლობის გამო, კენჭისყრა წარიმართა სპეციფიკური წესით, რომლის შედეგად, მიტროპოლიტმა ამბროსიმ მიიღო 67 თეთრი და 41 შავი კენჭი, ხოლო მიტროპოლიტმა ნაზარმა – 54 თეთრი და 54 შავი კენჭი.

მიტროპოლიტი ამბროსი არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: ყველა მმართველი მღვდელმთავარი; დეკანოზი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი); ნ. თავდგირიძე, რ. ივანიცკი, კ. კეკელიძე (ამ ორი უკანასკნელის ნაცვლად შემდგომში წევრები გახდნენ ნ. არჯევანიძე და ი. რატიშვილი).

გელათის მონასტერში გამართული საქართველოს ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მიერ არჩეული უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) გაიმართა 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები