ფიბა-ევროპის მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამაში ანდრო ანთელიძე ჩაერთო

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფიბა-ევროპის მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამაში მორიგი ქართველი ჩაერთო. ახალგაზრდა მწვრთნელი, ანდრო ანთელიძე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმყოფება, სადაც ფიბა-ს 16-წლამდელთა ტოპ-გუნდების ევროჩელენჯერის პარალელურად მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამა მიმდინარეობს.

ეს გახლავთ სამწლიანი პროგრამის (FECC ფიბა ევროპის სამწვრთნელო სერტიფიკატი) პირველი კურსი, რომელიც ტრადიციულად 16-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობისას იმართება. პროგრამაში ჩართული მწვრთნელი პირველ წელს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრება და მის პარალელურად მიმდინარე FECC-ის სემინარებში მონაწილეობს. შემდეგ ზაფხულს უკვე 18-წლამდელთა ჩემპიონატს და სემინარებს დაესწრება, ხოლო მესამე წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დასკვნით სემინარებს გაივლის და ფინალურ გამოცდას ჩააბარებს.

„საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ანთელიძე გამოცდილი მწვრთნელია. მან კარიერა ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, გასულ სეზონში კი სუპერლიგაში “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის, დავით როგავას ასისტენტი იყო. მომავალ სეზონში ის უკვე მოქმედ ჩემპიონ “რუსთავში” იმუშავებს, სადაც მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ბოისა ასისტენტი იქნება.“ ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ანდრო ანთელიძეს სამწვრთნელო საქმეს ევროპის წამყვანი სპეციალისტები – სვეტისლავ პეშიჩი, ნენად ტრუნიჩი, იანეშ დრვარიჩი, არიკ შივეკი და აისიმ ალთაი ასწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები