2008 წლის 11 აგვისტო – შინდისის გმირის ზაზა ფერაძის გარდაცვალების დღეა

შინდისის გმირი ზაზა ფერაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როცა საბრძოლო პოზიციებიდან დაჭრილები გამოჰყავდა. აგვისტოს ომის გმირს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

„ეს მისი მეორე ომი იყო, აფხაზეთის უსამართლობას მის გულში სამუდამო იარა დაეტოვებინა… ცხინვალიდან ორჯერ ცოცხალი გამოვიდა და მის განკარგულებაში მყოფი ბიჭებიც გამოუყვანია ალმოდებული ქალაქიდან. თავად მხარში იყო დაჭრილი, თუმცა მესამედაც შებრუნდა ქალაქში განსაცდელში მყოფი თანამებრძოლების დასახმარებლად. ბიჭებს უთქვამთ, სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო… რაზეც ზაზას უპასუხია, ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ ჯერ არც ცოლები ჰყავთ და არც შვილებიო.

ცხინვალში შებრუნებულს მეორე ტყვია ხელში მოხვდა, თუმცა უკან არ დაუხევია. მის წინ სნაიპერმა 7 ქართველი მოკლა. გამწარებულს სნაიპერი შორიდან დაუნახავს და მისკენ ისე წასულა, რომ ვერ შეემჩნიათ… სნაიპერმა ზაზა მართლა ვერ დაინახა, თუმცა მის უკან მიმავალ ქართველს ესროლა. სნაიპერის ტყვიამ ზაზა სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როცა დაჭრილი თანამემამულის გადასარჩენად უკან მიბრუნდა.“ – წიგნი „გმირი“.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში – „თავისუფლება ერაყს“. დაჯილდოებულია III ხარისხის უწყებრივი მედლით, ასევე მიღებული აქვს  მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე აგვისტოს ომში დაღუპულ 16 გმირთან ერთად, ცხინვალიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ძალისხმევით, 2008 წლის 2 ოქტომბერს გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები