მოძრავი გამოფენა „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ ქ. რუსთავში, რუსთავის პარკში გაიმართა

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მოძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია -„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – მოძრავი გამოფენის სახით დაიწყო და პირველი ღონისძიება თბილისში, დედაენის ბაღში 4 ივლისს შედგა, სადაც  20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იყო წარმოდგენილი.

ნამუშევრები, ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია. მოძრავი გამოფენის იდეა კონკურსის გამოცხადებასთან ერთად დაიბადა.

11 ივლისს, მოძრავი გამოფენის რიგით მეორე ღონისძიება ქ. მარნეულში. ივ. ჯავაიშვილის სახელობის პარკში იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, არ შედგა.

18 ივლისს კი გამოფენა ქ. რუსთავში, რუსთავის პარკში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს დროშით შემოსილმა მსახიობმა უმასპინძლა, რომელიც საზოგადოებას, კამპანიაში ჩართულობის მიზნით, გამოფენის დასათვალიერებლად იწვევდა და მათ „შთაბეჭდილების ბანერზე“ ინდივიდუალური ემოციის გამოხატვას სთავაზობდა. კამპანიაში მონაწილეობა როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ტურისტებმა მიიღეს და საკუთარი ემოციები შთაბეჭდილების ბანერზე დატოვეს. კამპანიის ფარგლებში, რიგით მეოთხე გამოფენა ქ. გორში 25 ივლისს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის – „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – გამარჯვებულების გამოვლენა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მოხდა. ავტორების დაჯილდოვება სატელევიზიო ეთერში გადაიცა. გამოფენის ფორმატში, საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, ამ ღონისძიებაზე 10 საუკეთესო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ კი, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ეს უპრეცედენტო კამპანია, სიმბოლურად, 2021 წლის 7 აგვისტოს, თბილისში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) 2019 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა. ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით, გასულ წელს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“. ეს ფილმი, ისტორიული დოკუმენტებითა და წყაროებით, გამყარებული პასუხია კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაზე. მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას GISP-ი მომავალშიც აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები