აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინიციატივით, კამერული მუსიკის საღამო გაიმართება

5 ივნისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფისტერვილში, ქართული დიასპორის მიერ შეძენილ მიწაზე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი მაია შიოშვილი და მისი ამერიკელი მეგობრები, რომლებიც წარმატებული მუსიკოსები არიან, კამერული მუსიკის საღამოს გამართავენ.
მუსიკალური პროგრამა ყველა კატეგორიის მსმენელისთვის არის განკუთვნილი. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს როგორც საბავშვო და კინომუსიკა, ასევე – ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
კოვიდ-19 ის გამო, შეხვედრა ღია სივრცეში გაიმართება. საღამოზე დასწრების სურვილი ამერიკის სხვადასხვა შტატში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
„თავდაპირველად, მცირე მასშტაბის კონცერტის გამართვას ვგეგმავდით ქალაქ ფისტერვილის ადგილობრივ მსმენელთან, თუმცა საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო, მუსიკალური საღამოს მასშტაბები გაიზარდა. მაღალი ინტერესი თავისთავად მეტყველებს ამ ტიპის “შეხვედრების” საჭიროებაზე. პანდემიის გამო, საზოგადოება სულიერი და კულტურული საზრდოს ერთმანეთში გაზიარების ნაკლებობას განიცდის. იმედია, სულ მალე ყველა ერთად დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს”- აღნიშნავს საღამოს ორგანიზატორი, მუსიკოსი მაია შიოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები