თესალონიკში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძესა და თესალონიკის მერს კონსტანტინოს ზერვასს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა.

24 მაისს გაიმართა სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიება. საკვირაო სკოლის გახსნისთვის თესალონიკს ეწვია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თესალონიკის მერი კონსტანტინოს ზერვასი, ვიცე-მერი განათლების საკითხებში იოანა კოსმოპულუ, თესალონიკში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი, N40 საჯარო სკოლის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

„ჩვენს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. განსაკუთრებულად ვულოცავ საკვირაო სკოლის გახსნას ჩვენს ბავშვებს, მასწავლებლებს და მათ მშობლებს. საკვირაო სკოლაში ჩვენს პატარა თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“ – განაცხადა გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ნოდარ კომახიძემ მადლობა გადაუხადა თესალონიკის მერს და აღნიშნა, რომ მისი თანადგომითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები და სასკოლო ნივთები. ღონისძიების დასასრულს თესალონიკში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლების – „მამული“, ფესვები“ და „საქართველოს“ ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს ქართული ცეკვები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები