ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით ავსტრიაში არსებული მკაცრი შეზღუდვები დასრულდა 19 მაისს, თუმცა ძალაში რჩება:

  • FFP2 პირბადის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • სხვა ადამიანებთან ორმეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება;

მიმდინარე წლის მაისიდან  საქმიანობა აღადგინეს:

  • 3 მაისიდან – სავაჭრო ობიექტებმა, მუზეუმებმა, ზოოპარკებმა და სილამაზის სალონებმა;
  • 17 მაისიდან – სკოლებმა;
  • 19 მაისიდან – გასტრონომიის, ტურიზმის და სპორტის სექტორმა;
  • 19 მაისიდან – ნებადართულია კულტურული ღონისძიებების გამართვა, დათქმული წესების დაცვით;

ავსტრიის რესპუბლიკაში 19 მაისიდან  ძალაში შევიდა ე.წ 3 G წესი, (Getestet, Genesen, Geimpft), რომელიც გულისხმობს ტესტირების, კორონავირუსის გადატანის და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობას: გასტონომიის, ტურიზმის და სპორტის სექტორებში, სილამაზის სალონებსა და ასევე კულტურულ ღონისძიებებზე (გამონაკლისია მუზეუმები სავაჭრო ობიექტები  და ზოოპარკები).

ტესტირება (Getestet):

  • PCR ტესტი –  ძალაშია ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში;
  • ანტიგენის ტესტი – ძალაშია 48 საათის განმავლობაში;
  • PCR და ანტიგენის ტესტის  არქონის შემთხვევაში  დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად ჩაატარონ ე.წ სწრაფი ტესტი, რომელიც ერთჯერადი მოხმარებისთვის არის  განკუთვნილი.

გამოჯანმრთელებული პირები (Genesen) თავისუფლდებიან ტესტირების აუცილებლობისგან:

  • ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში; (ვირუსის მოხდის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება: ექიმის ცნობა)
  • ანტისხეულების დამადასტურებელი ცნობის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ძალაშია ტესტის ჩატარებიდან სამი თვის განმავლობაში.

ვაქცინირებულად (Geimpft) ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინა (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm)  და  მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:

პირი ვაქცინირებულად ითვლება:

  • ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 22-ე დღიდან, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში;
  • ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში,  პირველი აცრის გაკეთებიდან).
  • პირები რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას, რომელისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.
  • ხოლო, ის პირები რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად  ითვლებიან აცრის დღიდან 9  თვის განმავლობაში;

ახალი რეგულაციების თანახმად:

  • გაუქმდა კომენდანტის საათი , თუმცა 22:00 საათიდან  05:00 საათამდე დაშვებულია მაქსიმუმ 4 ზრდასრული და 6 მცირეწლოვანი პირის შეკრება;
  • დღის განმავლობაში შიდა სივრცეებში შეხვედრის უფლება აქვთ 4 ზრდასრულ და 6 მცირეწლოვან პირს, ხოლო გარე სივრცეებში 10 ზრდასრულ და 10 მცირეწლოვან პირს;
  • რაც შეეხება კულტურის  სექტორს წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში შესაძლებელია შიდა სივრცეებში500 ადამიანის, ხოლო გარე სივრცეებში 3.000 ადამიანის შეკრება;

„გაცნობებთ, რომ ავსტრიის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, 19 მაისიდან, ე.წ. „სხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან“ , მათ შორის საქართველოდან , მოქალაქის ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლის აქამდე არსებული საფუძველი, 2021 წლის 30 ივნისამდე იგივე რჩება, თუკი იგი:

  1. არის ევროკავშირის (EU), შვეიცარიის, ან ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) მოქალაქის ოჯახის წევრი;
  2. აქვს ევროკავშირის (EU), ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) რომელიმე ქვეყანაში და ასევე ანდორაში, მონაკოში, სან მარინოში, ვატიკანში ან შვეიცარიაში ცხოვრების უფლება;
  3. აქვს ავსტრიის მიერ გაცემული D კატეგორიის ვიზა;
  4. არის დიპლომატიური მისიის, საკონსულოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან/და არის ამ თანამშრომლის ოჯახის წევრი;
  5. არის ჰუმანიტარული მისიის წევრი;
  6. მუშაობს ავსტრიულ საჯარო სამსახურში, ან ავსტრიულ საჯარო კორპორაციაში;
  7. ახორციელებს ბიზნეს ვიზიტს;
  8. არის სამედიცინო მიზნებით ჩამოსული ან მისი თანმხლები პირი;
  9. სწავლობს ავსტრიულ სკოლაში.

ავსტრიის მთავრობის სპეციალური განკარგულების თანახმად, გამონაკლისის სახით ავსტრიაში შემოსვლა შეუძლიათ ასევე ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ აქტუალური PCR-ტესტი და უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (Studienzulassung).

საქართველოს მოქალაქეს, საქართველოდან ავსტრიაში შემოსვლის შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პირობას და წარადგენს კორონავირუსის გადატანის და  ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, არ ეხება კარანტინის წესი! სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში შემოსვლისას იგი საჭიროებს უარყოფით PCR-ტესტს და გაივლის სავალდებულო 10 დღიან კარანტინს, რომელიც შესაძლოა დასრულდეს მე-5 დღეს, აქტუალური უარყოფითი PCR-ტესტის წარდგენის შემთხვევაში!

არსებული წესების თანახმად:

ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://entry.ptc.gv.at/ და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით.

ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული კონკრეტული ქვეყნებიდან ავსტრიაში შემოსვლაზე, 19 მაისიდან გავრცელდება შემდეგი წესები:

  1. ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან შემომსვლელი პირები არ ექვემდებარებიან კარანტინს და მათზე ვრცელდება მხოლოდ ე.წ. 3G წესი;

ამ ეტაპზე სიაში შედიან შემდეგი ქვეყნები: ანდორა, ავსტრალია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, გერმანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტეინის სამთავრო, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი , სან მარინო, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, უნგრეთი და ვატიკანი;

  1. რისკის მქონე ქვეყნებიდან შემომსვლელ პირებზე ვრცელდება ე.წ. 3G წესი და იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს მხოლოდ PCR-ტესტს, ექვემდებარება 10 დღიან კარანტინს, რომელიც შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე, თუ პირი მე-5 დღეს წარადგენს უარყოფით PCR-ტესტს.

ამ ეტაპზე სიაში  შედიან შემდეგი ქვეყნები: ხორვატია, ლიტვა, ნიდერლანდები, შვედეთი, კვიპროსი;

  1. ავსტრიაში შემოსვლა შეზღუდულია ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ხდება ვირუსის მუტაცია! ამ ქვეყნებიდან ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ ავსტრიის მოქალაქეებს; პირებს, რომლებიც ცხოვრობენ, ან აქვთ ავსტრიაში ცხოვრების უფლება და ასევე, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. ზემო აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები ექვემდებარებიან 10 დღიან კარანტინს, რომელიც შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე თუ პირი მე-5 დღეს წარადგენს უარყოფით PCR-ტესტს.

ამ ეტაპზე სიაში  შედიან შემდეგი ქვეყნები: ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული განკარგულება არ ეხებათ:

ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ განკარგულების თანახმად, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ავსტრიის ტერიტორიაზე (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, საქმიანი ვიზიტი და სხვ.)

🔵ძალაში რჩება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავსტრიის ტერიტორიის ტრანზიტული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაცია. კერძოდ, მგზავრებმა, რომლებსაც უწევთ ვენის აეროპორტში ტრანზიტული ზონის დატოვება, უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაცემული PCR-ტესტი და თან იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გამგზავრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

🔵 ასევე, ძალაში რჩება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით მომავალი მგზავრების ქვეყანაში დაშვება, თუ ისინი წარადგენენ აქტუალურ PCR-ტესტს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის დამადასტურებელი  დოკუმენტს ( იხ. ე.წ 3 G წესები) და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას.

ვრცელი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულება:

https://www.sozialministerium.at/…/Coronavirus

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839 ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით: vienna.con@mfa.gov.ge“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები