2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მიიბარებს

“100 წლის შემდეგ გენერალი გიორგი კვინიტაძე სამშობლოში ბრუნდება… 2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მიიბარებს!..” – ინფორმაციას ქართულ-ფრანგული აკადემია ავრცელებს.

„ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საქართველოში ბრუნდება!

საქართველოს ისტორიაში არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ სიცოცხლის შემდეგაც, მარადისობაში გადასულთ…

ასეთი პიროვნება ბრძანდება  გიორგი კვინიტაძე, ისევე როგორც ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.

მისნაირი თავდადებული პატრიოტები, რომლებსაც ბედუკუღმართობის გამო  არ მიეცათ საშუალება ბოლომდე შებრძოლებოდნენ რუსის ჯარს, თუმცა მთელი ცხოვრება ამ ფიქრში და საქართველოს ერთიანობის იმედით ცხოვრობდნენ, სწორედ საქართველოს მიწამ უნდა მიიღოს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გაერთიანება ყოველი ქართველის, საქართველოს მოქალაქის სანუკვარი ოცნებაა…

18 მაისს, 17 საათზე,  პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში ეკლესიის წინამძღოლი მამა არჩილ დავრიშაშვილი გიორგი კვინიტაძის  სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის, საფრანგეთის ემიგრაცია გამოემშვიდობება გენერალს, რომლის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ.

საქართველოში ჩაბრძანდებიან გენერალ გიორგი  კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალს გადასცემენ საქართველოს სახელმწიფოს.

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიისთვის ცნობილია, რომ 24-25 მაისს,  სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები