,,ეს უდიდესი შესაძლებლობაა, ქვეყნის ფესვები უფრო მეტად გავაღრმავო უცხო მიწაზე“

თაკო ჯაფარიძე 21 წლისაა და წარმატებული სტუდენტია. 2019 წელს, უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებული გახდა და სრული დაფინანსებით, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატზე ელტეში სწავლობს. ის დიასპორული ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის“ წარმომადგენელია უნგრეთში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International” (Hungary) – ის კომიტეტის და International Diplomatic Students Association-ის წევრია.

ამ დრომდე, უნგრეთში ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაცია არ არსებობდა, ამიტომ ,,დიასპორის სახლის“ გუნდთან ერთად თაკოს საქმიანობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ქართული ორგანიზაცია 3 წლის წინ, ჩამოყალიბდა, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. თაკო ჯაფარიძე ,,ქართულ კვირასთან“ ინტერვიუში საინტერესო გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

თაკო მოგვიყევით თქვენს შესახებ. რამდენი ხანია უნგრეთში ცხოვრობთ და სწავლობთ?

– უკვე ორი წელია ვცხოვრობ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 2019 წელს გავხდი უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებული და სრული დაფინანსებით ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრზე ელტეში. ბუდაპეშტში გადმოსვლის დღიდან საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული სხვადახვა საქმიანობაში. ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ პრეზიდენტის, ინა ასანიძის დახმარებით დავაარსეთ დიასპორული ორგანიზაცია უნგრეთში, რომელიც აქამდე არ არსებობდა, და  რომლის წარმომადგენელიც მე ვიქნები და ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჩავუყრით საფუძველს. ასევე გახლავართ საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International” (Hungary) – ის კომიტეტის წევრი, სადაც თვალს ვადევნებთ უნგრეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოველდღიურ პოლიტიკას, ვგმობთ მთავრობების არასამართლებრივ ნაბიჯებს როგორც საპასუხო ქმედებებით, აგრეთვე კამპანიებით და ვკონცენტრირდებით ადამიანთა უფლებების დაცვაზე. 6 თვის მანძილზე, Amnesty International Hungary-ის ერთ-ერთი ჯგუფის, Freedom Club Budapest -ის კოორდინატორიც ვიყავი, სადაც კოლეგებთან ერთად ასევე ადამიანის უფლებათა დაცვაზე დიდხანს ვმუშაობდი.

ახლახანს გავწევრიანდი International Diplomatic Students Association-ში, რომელიც კიდევ უფრო დიდ შანსს მომცემს კონტაქტები გავიღრმავო ცნობილ პოლიტიკოსებთან თუ დიპლომატებთან, და მოხარული ვარ, რომ წინ საკმაოდ საინტერესო წელი მელის.

– როგორ მოხვდით ,,დიასპორის სახლში“? რას ნიშნავს თქვენთვის მსგავს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა?

– როგორც უკვე აღვნიშნე, უნგრეთში დიასპორული ორგანიზაცია არასდროს არსებობდა, შესაბამისად დიდი სურვილი მქონდა გადამედგა პირველი, თანაც საკმაოდ რთული ნაბიჯი და საფუძველი ჩამეყარა ქართული სათვისტომოსთვის. სწორედ ამ სურვილით დავუკავშირდი „დიასპორის სახლს“, რომელიც დიდი სიხარულით შეხვდა ჩემს იდეას. ორგანიზაციის სახელით, სხვადასხვა პროექტში ჩავერთე და აგრეთვე მათ გამგზავნეს 2020 წლის არჩევნების დამკვირვებლად, სადაც ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტს შევხვდი და კიდევ ნათლად დავინახე, მათი უდიდესი სურვილი დიასპორის ჩამყალიბებისა. „დიასპორის სახლთან“ თანამშრომლობა ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რომ ადრეული ასაკიდან ჩავერთო დიასპორულ საკითხებში, მივიღო გამოცდილება და ქვეყნის ფესვები უფრო მეტად გავაღრმავო უცხო მიწაზე. მოხარული ვარ, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტისგან, ქალბატონი ინა ასანიძისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებ და მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში ვართ.

– მოგვიყევით ცოტა მეტი უნგრეთში ქართულ დიასპორაზე, რამდენად დიდი დიასპორაა, რა საჭიროებები, გამოწვევები აქვთ მათ?

– განსხვავებით ამერიკისა და ევროპის სხვა ქვეყნებისა, უნგრეთი არ გამოირჩევა ქართული დაისპორის სიდიდით, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით. შესაბამისად, მცირერიცხოვნებიდან გამომდინარე, რადგან არასდროს ყოფილა თუ შექმნილა სათვისტომო, ეს უკმაყოფილებას იწვევს ემიგრანტებში, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებში, რომლებთანაც მე ამ თემაზე დიალოგი მქონია. დიდი სურვილია ქართველ ემიგრანტებში, რომ დაახლოვდნენ ერთმანეთთან, ხშირად შეიკრიბნონ სხვადასხვა კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე და ქართული ფესვები იგრძნონ. გარდა ამისა, ისინი ყოველდღიურად აწყდებიან გამოწვევებს, რომელიც ახლა უფრო მკვეთრად არის გამოწვეული პანდემიის პირობებში, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური, შესაბამისად სათვისტომოს/დიასპორის არსებობა მათ გვერდში დგომას შეძლებს და გაამართლებს ჩვენი ქვეყნის ლოზუნგს, რომ „ძალა ერთობაშია“.

– ,,დიასპორის სახლის“ პრეზიდენტმა ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ ,,ახალი სისხლი“, ახალგაზრდების ჩართვა დიასპორული ორგანიზაციის საქიანობაში, ხელს შეუწყობს მათი თანატოლების ქვეყანაში დაბრუნებას. როგორ ფიქრობთ რა მისცემთ ახალგაზრდებს სტიმულს, რომ სამომავლო გეგმები სამშობლოს დაუკავშირონ?

– სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ინა ასანიძის ამ აზრს. ვფიქრობ, „ახალი სისხლი“ ( როგორც ის თავად მოიხსენიებს) და ახალგაზრდობა, რომელიც ადრეული ასაკიდან ჩაერთვება დიასპორულ საკითხებში და შეხება ექნება, როგორც საქართველოს პოლიტიკასთან ასევე ქართველ ხალხთან და დაინახავს, თუ რაოდენ დიდს ნიშნავს მისი წვლილი მომავლისთვის, ეს უფრო დიდ სტიმულს მისცემს მშობლიურ მიწას დაუბრუნდეს და უკვე საქართველოში მოიმაგროს ფეხი და განაგრძოს  მსახურება. პირადად მე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს განათლებისა და გამოცდილების მიღების შემდგომ, დავუბრუნდე საქართველოს და ქვეყანას მოვახმარო ცოდნის კაპიტალი, რომელსაც დავიგროვებ.

– თქვენ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი რამდენიმე წლის შემდეგ?

– ჩემი კარიერის ამ ეტაპზე, როდესაც ყოველი დღე სიახლეებით  იტვირთება და გამუდმებით ახალ, საინტერესო საქმეს ვაწყდები, ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს თუ ზუსტად რა მიმართულებით წავალ. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიპლომატიის გზას ბოლომდე გავყვები და დიდი სიამოვნებით ვემსახურები ჩემი ქვეყანის საგარეო პოლიტიკის მართვას, იმიჯის შექმნას, ევროინტეგრაციას და ა.შ

–  როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობაა ევროპა ახალგაზრდებისთვის?

– ევროპა ჩემთვის ზღვა შესაძლებლობებთან, თანასწორობასთან და დასავლურ განათლებასთან ასოცირდება, რაც თითოეული ახალგაზრდისათვის ძალიან მნივნელოვანად მიმაჩნია. ევროპა გვაძლევს შანსს, განვვითარდეთ მენტალურად და ვიყოთ უფრო პროგრესულები. გვეხმარება ვიგრძნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიულობა და სამართალი. ვფიქრობ ევროპული ცოდნა და ახალგაზრდების ძლიერი ინტეგრაცია კიდევ უფრო მარტივს გახდის ჩვენი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკის მართვას. ეს წაადგება როგორც საქართველოს დასავლური კურსის გაძლიერებას, აგრეთვე ევროინტეგრაციის ეკლიანი გზის წარმატებით გავლას. ქვეყნის ბედი და მომავალი, ჩვენს, ახალგაზრდების ხელშია და მნიშვნელოვანია ვპროგრესირდეთ და მსგავსად ევროპისა და ამერიკისა, ფეხი ავუწყოთ სწრაფ განვითარებასა და ცვლილებებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები