მიხეილ მენაბდის შვეიცარული მუსიკალური ციკლი “ Zwei Brücken” დასრულდა

შვეიცარული  მუსიკალური ციკლი “Zwei Brücken” დასრულდა და 9 მაისს  (უკვე მსმენელის თანდასწრებით),  შვეიცარიის ქალაქ St- Gallen-ში, გაიმართა  რიგით მესამე კონცეტრი “Postsckriptum”,  სადაც   მე-20 საუკუნის დიდი ფრანგი კომპოზიტორის, ოლივერ მესიანის უკვდადი ქმნილება “კვარტეტი დროის დასასრულისთვის” აჟღერდა.

მუსიკალური ციკლი „Zwei Brücken” (ორი ხიდი), რომლის პროგრამაც და კონცეფციაც ქართველი დირიჟორის მიხეილ მენაბდის მიერაა შედგენილი, მიზნად ისახავდა შვეიცარიასთან სხვადასხვა დროს დაკავშირებულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების ერთ კონტექსტში ჩვენებას.

„ჩვენ გვსურს წარმოვადგინოთ მუსიკის ისტორია არა როგორც მისი დაყოფა სტილისტური და ჟანრული თვისებებით გამორჩეულ ეპოქებად, არამედ როგორც მათი ერთიმეორეში  გადასვლის უწყვეტი პროცესი. ხიდი კი, როგორც წარმოსახვითი ნაპირების შეერთების მეტაფორა, მათი აქტუალურობის, კონრტასტულობის თუ სტილისტური კავშირების წარმოჩენა. ხიდი პირველი – XIX საუკუნიდან XX მდე და ხიდი მეორე – XX საუკუნიდან XXI- მდე.

სამყარო სულაც არ არის დისკრეტული. უბრალოდ  ჩვენ ვცდილობთ, დავუწესოთ მას დროის წამზომი, მოვაქციოთ ის ეპოქალურ  და სტილისტურ  ჩარჩოებში, მივაკეროთ მას ხანდაზმულობის იარლიყი. მაგრამ, შეუძლებელია სრულად ამის რეალიზება…  ისევე როგორც  არ  არსებობს ფერები სპექტრში – მხოლოდ შვიდი ან ათი.. არსებობს მხოლოდ ფერთა მუდმივი ევოლუცია თბილი ფაზიდან ცივ ფაზაში და პირიქით. ასეთია ჩვენი არსი – ჩვენ თავად ვაფიქსირებთ ყოველივეს და რაღაც დროის შემდეგ, ამას როგორც თავისუფლების შეზღუდვას, ბორკილებს ვუწოდებთ. სწორედ ასევეა, როცა ვცდილობთ უსასრულო დრო ქრონოლოგიურად დავყოთ წუთებად, საათებად, კვირეებად, თვეებად, წლებად. და იგივე ხდება ეპოქების განსაზღვრისას. ისტორიულ ეპოქას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. კაცობრიობის დაუსრულებელი ევოლუციაც მუდმივია, ხან ბობოქარი  ცვლილებების, ხან კი  სიმშვიდის ფაზებით…

სწორედ ამიტომ, ციკლის პირობითი დასასრულისთვის, როგორც P.S. ჩვენ შევარჩით ოლივერ მესიანის  “კვარტეტი დროის დასასრულისთვის”. ნაწარმოები რომლის არსი სწორედ  დროის უსასრულობა და მარადიულობაა.“ – განაცხადა  მიხეილ მენაბდემ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები