ბერნში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

ქალაქ ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციატივით, გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა, რომელიც გახლავთ პირველი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება ბერნის კანტონის მასშტაბით. საკვირაო სკოლა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს და ქალაქ ბერნის მერიის განათლების განყოფილების ხელშეწყობით დაფუძნდა.

სკოლის გახსნით ღონისძიებაზე შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კონსულმა ქეთევან ესიაშვილმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადეს სკოლის დაარსების პროცესში ჩართულ თანამემამულეებს გაწეული ძალისხმევისათვის. საუბრისას მათ ხაზი გაუსვეს დიასპორის განსაკუთრებულ როლს საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში და აღნიშნეს ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირების მნიშვნელობა შვეიცარიაში მცხოვრებ მოზარდ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.

ქალაქ ბერნის ქართულ საკვირაო სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, რომელსაც ბერნის უნივერსიტეტში ქართული ენის დოცენტი მანანა ტოფაძე-გოიმანი და სკოლის კოორდინატორი ირინა სიხარულიძე უძღვებიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ბაზაზე გაკვეთილები ჩატარდება როგორც სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის, ისე სკოლამდელი ასაკის ჯგუფისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები