,,ველოდებით, რომ წელსაც მაღალი ჩართულობა და ინტერესი იქნება“ – როგორ მიმდინარეობს დიასპორული პროგრამების კონკურსი

5 აპრილს,  საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 დიასპორულ პროგრამაზე კონკურსი გამოაცხადა. საგრანტო პროექტებს “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდასაჭერად შექმნილ პროგრამას“ კი, წელს პირველი გამარჯვებულები ეყოლება. ის საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.

რითი იქნება 2021 წლის კონკურსები გამორჩეული, როგორია ვადები, პირობები და რა კრიტერიუმებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა – ,,ქართულ კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხრან გულაღაშვილი ესაუბრა.

– ბატონო მუხრან ახლახანს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის მხარდასაჭერი 3 პროექტი გამოაცხადა. ორი მათგანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და წარმატებული პროექტია. საუბარი დავიწყოთ ,,ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამით, რამდენი ხანია რაც პროექტი ხორციელდება და რა არის მისი მთავარი მიზანი?

– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგრანტო პროგრამას – „ახალგაზრდა ელჩები“, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მორიგი საგრანტო კონკურსი ხორციელდება, რომლის საშუალებით, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ 2021 წლის განმავლობაში გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესების, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, განათლების, ტრადიციების, ეკონომიკის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ. პროგრამის მიზანს წარმოადგენს „ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში: საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, საჯარო სამსახურისათვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა. კონკურსი მ/წ 5 აპრილს გამოცხადაა და განაცხადების მიღება გაგრძელდება 5 მაისის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება სპეციალურად ამისთვის შექმნილი კომისიის მიერ.

– საინტერესოა, აღნიშნულმა პროექტმა რას შეუწყო ყველაზე მეტად ხელი? რამდენად გაიზარდა ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში?

– როგორც მოგახსენეთ, პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

შესაბამისად, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო პროექტის 2018, 2019 და 2020  წლის გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“. მანდატის ფარგლებში, მათ ფასდაუდებელი შრომა გასწიეს და რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს პროექტის მიზნების მისაღწევად. ყველა მონაწილემ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის დიდი ნაწილი დაუთმო კულტურულ ღონისძიებებს და პრეზენტაციებს საქართველოს ეროვნული ტრადიციების, ხელოვნების, სამზარეულოს, ქართული ღვინის და მისი მდიდარი ისტორიის წარმოჩენას. განხორციელდა საგანმანათლებლო სემინარები, ლექციები ქვეყნის ისტორიაზე, მის პოსტ-საბჭოურ ტრანსფორმაციასა და სამომავლო პრიორიტეტებზე; შედგა ქართველი მწერლების წიგნების პრეზენტაციები და ლიტერატურული საღამოები, ხელოვანთა ფოტო-გამოფენები, კინო-ჩვენებები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ისტორიაში პირველად განხორციელდა ღონისძიებები, რომლებიც ამიერიდან ყოველწლიურ, რეგულარულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, აშშ-ში, ქ. ფილადელფიაში, „ახალგაზრდა ელჩის“ უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქის მერიის შენობის წინ საქართველოს დროშა აღიმართა, ხოლო, ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. ესპანეთის სამეფოში ახალაზრდა ელჩმა განახორციელა გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს და ქართველი მებრძოლი ქალების ფასდაუდებელ მიღწევებს მიეძღვნა. ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში უაღრესად მნიშვნელოვანი მეცნიერული ხასიათის ღონისძიებები განახორციელა. მან მიაკვლია გიორგი აბხაზის საფლავს, რომელიც იყო დამოუკიდებელი საქათველოს კონსული იტალიაში (1918-1921 წწ.) და ამავე დროს რომისა და მილანის თეატრების სცენოგრაფი.

2020 წელს, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პროექტის სრულფასოვანი განხორციელება გართულდა, თუმცა პროექტის გამარჯვებულებმა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მაინც შეძლეს არაერთი ღონისძიების ჩატარება. 2020 წლის 20 ოქტომბერს, იაპონიის ქალაქ ოიტაში, ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით პირველად გაიმართა ფილმი “ქეთო და კოტეს” კინოჩვენება, რომლის დასრულებისას ორგანიზატორმა სტუმრებს ქართული კინო-ხელვნების შესახებ მოკლე პრეზენტაცია ჩაუტარა. აღნიშნულმა ღონისძიებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ახალგაზრდა ელჩმა ადგილობრივ კინოთეატრ “Cinema 5”-ისგან, სადაც განხორციელდა კინო-ჩვენება, იაპონიაში პირველი ქართული კინო-ფესტივალის განხორციელების შემოთავაზება მიიღო. შედეგად, ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე და კლასიკად ქცეული რამდენიმე ქართული კინოს ჩვენება გაიმართა, რაც ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით, ასევე,  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით გაიმართა ორი ვებინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს – საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, წესებს, პირობებს, პროცედურებს და სხვა რელევანტურ თემებს. აღნიშნულ ვებინარებზე მოხსენებით წარსდგნენ იტალიასა და ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩები.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პროექტი შედგა, იგი წარმატებულია და ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლების როლი საქართველოს დადებითად წარმოჩენის კუთხით, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ნამდვილად მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.

– წლევანდელი პროგრამა რითი იქნება გამორჩეული? როგორც ვიცით გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი…

– პროექტისადმი მაღალი ინტერესიდან და მომართვიანობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს ხშირად მომართავენ პროექტში ახალი ქვეყნების დამატების შესახებ, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკურსის მსოფლიოს 30 ქვეყანაში გამოცხადების თაობაზე. შესაძლოა ახალგაზრდა ელჩების გამოვლენა არ განხორციელდეს 30-ვე ქვეყანაში. მათი შერჩევა მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის ხარისხის მიხედვით – გაიმარჯვებს საუკეთესო.

– როგორია საკონკურსო ვადები და პირობები, როგორ მოხდება ახალგაზრდა ელჩების შერჩევა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი? ვინ შეიძლება გახდეს კონკურსის გამარჯვებული?

– პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე, მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)   წარმომადგენლების შემადენლობით. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, როგორ ზემოთ აღვნიშნე,  განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

– ასევე წარმატებით გრძელდება დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაც. დიდი ინტერესით ელოდებოდნენ მის დაწყებას დიასპორული ორგანიზაციები. გასული წელი ძირითადად პანდემიის თემას მიეძღვნა, როგორია 2021 წლის მიზნები?

– როგორც მოგეხსენებათ, ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარებისა და საქართველოს განვითარების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2019 წლიდან, ახორციელებს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის წესით, აფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. პროგრამის მიზნობრიობა, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით იცვლება. 2020 წელს საგრანტო პროგრამა – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ – მიმართული იყო ქართული დიასპორის ინტერესებზე და სახელმწიფოს მიერ აღებულ პასუხისმგებლობაზე – იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წელს პროგრამის მიზანი, როგორც აღნიშნეთ, პანდემიით შექმნილ რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების გაწევა გახლდათ. კერძოდ, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ის პროექტები, რომელთა მიზანი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ პერიოდში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა ცხოვრების/საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველსაყოფა იყო, აგრეთვე, მოქმედი დიასპორული და ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა და საკვირაო სკოლების დაფუძნებაში ხელშეწყობა. მიმდინარე წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია  საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, მედია/საინფორმაციო მხარდაჭერა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე, ტრადიციულად, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ შერჩეული ორგანიზაციები წელს? აქცენტი ვისზე შეიძლება უფრო გაკეთდეს? იქიდან გამომდინარე, რომ დიასპორული ორგანიზაციების ჩამონათვალი თანდათან იზრდება, ალბათ კონკურენციაც მაღალია?

– პროგრამის არსია საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას და საქართველოსთან კავშირის გაღრმავებას. აქედან გამომდინარე, პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა იყოს რომელიმე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენელი,  თუმცა ეს სავალდებულო პირობა არ არის. მთავარ უფლებას კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოადგენს ის, რომ განაცხადის წარმომდგენი პირი უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საზღვარგარეთ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლება  უნდა გააჩნდეს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

დაგეთანხმებით, რომ თუ პროგრამის განხორციელების დინამიკას 2019 წლიდან  გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაინტერესება საკმაოდ გაზრდილია. რა თქმაუნდა, გარკვეულწილად, ეს კავშირშია დიასპორული ორგანიზაციების მომართვების ზრდასთან. გამომდინარე იქიდან, რომ წელს გამოცხადებული კონკურსის მიზნობრიობა ზუსტად დიასპორული ორგანიზაციების საჭიროებებზე იქნება მორგებული, წარმოდგენილი განაცხადების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. როგორც იცით, კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის 5 აპრილს გამოცხადდა და 5 მაისის ჩათვლით შესაძლებელი იქნება  საგრანტო განაცხადების მიღება.

სამინისტრომ მიმდინარე ღონისძიებებთან ერთად, ახალ პროგრამასაც ჩაუყარა საფუძველი. წელს პირველად გამოცხადდა საგრანტო კონკურსი „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. რამ განაპირობა დამოუკიდებლად მსგავსი კონკურსის გამოცხადება?

– საზღვარგარეთ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციისა ხელშეწყობის მიზნით, გამოიკვეთა საჭიროება საზღვარგარეთ მოქმედი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის დაფინანსების მექანიზიმის შემუშავებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზღვარგარეთ  ფუნქციონირებს 89 ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, საპილოტე რეჟიმში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

– რას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება ამ პროგრამაში და როგორია საგრანტო თანხის ოდენობა?

– საგრანტო პროგრამა – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“, საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებებზეა მორგებული და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პირველად მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით, ხელი შეუწყონ უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფუნქციონირებას და მათ შემდგომ განვითარებას. საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა (აღნიშნული თანხა მოიცავს ანსამბლების მიერ შეძენილი ფორმების, ინსტრუმენტების თუ სხვა ინვენტარის ტრანსპორტირების ხარჯს).

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალი იქნება საზოგადოების ინტერესი წლევანდელ პროექტებზე?

– პროექტებთან დაკავშირებით, მომართვების დინამიკა სულ უფრო მზარდია. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რა რთული იყო 2020 წელი ყველასთვის. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდი იყო შემოტანილი განაცხადების რაოდენობა. შესაბამისად, ველოდებით, რომ წელსაც მაღალი ჩართულობა და ინტერესი იქნება პროექტების მიმართ.

ანანო ლებანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები