უჩვეულო გამოფენა – ვინ ვინ არის?

ჯგუფური გამოფენა „რარიტეტები: ვინ ვინ არის?“ აერთიანებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საფონდო და მუდმივი საგამოფენო დარბაზებიდან შერჩეულ ნამუშევრებს.

კურატორი – კონსტანტინე ბოლქვაძე: „გამოფენის სათაურში დასმული კითხვა გულისხმობს გამოცნობის ერთგვარ პრინციპს. შერჩეულ მხატვართა ნამუშევრებით წარმოდგენილია ვიზუალურად ეკლექტური ქსოვილი, სადაც თავს იყრის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული სტილები, იდეოლოგიები, მხატვრული ხერხები თუ ხედვები. ამ საკმაოდ შეუქცევად დინამიკაში იკვეთება კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რაც გულისხმობს მხატვართა ამოცნობას არსებულ ექსპოზიციაში. ცნობილ მხატვართა შერჩეული ნამუშევრები პრინციპულად ემიჯნება მათ ჩვეულ ხელწერას, რომლითაც ჩვენ, თვალის ერთი შევლებით, ვცნობთ ხოლმე მათ“

ექსპოზიციაში რამდენიმე დეკადა იყრის თავს – საკუთრივ 1950-იანებიდან 1980-იან წლებამდე. განსხვავებული თაობის მხატვრები – ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ანა შალიკაშვილი, თემო ჯაფარიძე, ესმა ონიანი, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, დიმა ერისთავი, გივი ვაშაკიძე, კოკი მახარაძე, გოგი ჩაგელიშვილი – საზოგადოებამ დაიმახსოვრა ინდივიდუალური ფერით, ფორმით, გამომსახველობითა თუ მეტაფორული ენით.

არსებული გამოფენა ერთგვარი ვიზუალური კვლევაა და ხელოვნებასთან კომუნიკაციის გამორჩეული ფორმა.

გამოფენა დღეს, 26 მარტს გაიხსნა და 26 აპრილამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები