მოქალაქეობის დაჩქარებული წესით აღდგენა – ინიციატივა ინვესტიციების მოსაზიდად

(„საქართველო 100 000-ობით პოტენციურ ინვესტორს კარგავს“)

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ეკონომიკის გახსნა დაანონსა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა მსჯელობა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. „ობსერვერ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელი და „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ დამფუძნებელი, ნინო შარაშიძე “ქართულ კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკაში ემიგრანტების ჩართულობის კონკრეტულ გზებზე საუბრობს და მთავრობას მათთვის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით და გამარტივებული პროცედურით აღდგენისკენ მოუწოდებს.

„100 000-ობით პოტენციური ინვესტორია, რომლებსაც ჩვენ არც პირობებს ვუქმნით და არც ვესაუბრებით, ესენი არიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლების წინ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ აიძულა ქვეყნიდან გადახვეწილიყვნენ, ზოგმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლიც კი გაყიდა ამისთვის და ოჯახით უცხოეთში არანაკლებ მძიმე გზა განვლო, რომ უცხო საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში ენის ცოდნის გარეშე, თავი დაემკვიდრებინა და ასეთ ხალხს მოუწია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, მას შემდეგ, რაც ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.

დღეს ემიგრანტები ყველაზე რეალური ჯგუფია, რომელმაც, შეიძლება, საქართველოში ინვესტირება გარისკოს, ამისთვის აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და თუნდაც დროებით, მოქალაქეობის აღდგენის დაჩქარებული და გამარტივებული პროცესი დაიწყოს.

დრო მოვიდა, საქართველომ ემიგრანტებს მოუხმოს. ეს არ არის “საშოვარზე” დროებით წასული ხალხი, როგორადაც მათ საქართველოში იცნობენ, 10, 20, 30 წელია ზოგიერთის მიგრაციიდან გასული, მათ იქ თავი დაიმკვიდრეს, დასაქმდნენ, ზოგიერთი ძალიან წარმატებულია, თუ თვითონ ვერა, მათმა შვილებმა შეძლეს მწვერვალების დაპყრობა, უცხოელები აფასებენ, ჩვენ კი მათ არც ვიცნობთ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობა, რატომ უნდა უწევდეთ ბიუროკრატიული პროცედურების გავლა და თვეობით ლოდინი, იმისთვის, რაც მათ ისედაც დაბადებით ერგოთ და ეკუთვნით?!“

 ცალკე უნდა აღვნიშნოთ, ახალგაზრდა ემიგრანტები, წარმოიდგინეთ, ქართველი ახალგაზრდა, რომელიც, როცა საქართველოდან წაიყვანეს, ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ეს მისი არჩევანი არც ყოფილა, მიიღო განათლება უცხოეთში, ინტეგრირდა იმ საზოგადოებაში, შესაძლოა, შექმნა ოჯახი უცხოელთან და მას შემდეგ საქართველოშიც სულ რამდენჯერმეა ნამყოფი, რა უნდა იყოს მისი მოტივაცია, რომ გაიაროს ბიუროკრატიული პროცედურები, გადაიხადოს მაღალი საფასური და თვეობით ელოდოს მოქალაქეობის აღდგენას?!

მოქალაქეობის აღდგენა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც მათ საქართველოსკენ მოაბრუნებს. აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს მოქალაქეობის დაჩქარებული წესით აღდგენის პროგრამა. ეს მეტ მოტივაციას მისცემს საქართველოს „ყოფილ“ მოქალაქეებს საქართველოში სამოგზაუროდ, უძრავი ქონების შესაძენად თუ ბიზნესის დასაწყებად და დააინტერესებს იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოეთში გაიზარდნენ და იქ საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ, აქვთ დანაზოგი და ყველა საჭირო რესურსი, რომ საქართველოში რაღაც აკეთონ”.

ნინო შარაშიძე მეორე ინიციატივითაც გამოდის და აღნიშნავს, რომ „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებას“ აქვს სურვილი და მზაობა, ჩაატაროს ახალგაზრდული ბიზნესფორუმი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა მეწარმეებს დააკავშირებს და ამით დაეხმარება მათ გამოცდილების გაზიარებაში და ერთმანეთთან დაახლოებაში, რაც შესაძლოა, ბიზნეს პროექტებში გადაიზარდოს.

„მოგეხსენებათ, ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს და აქვს წარმატებული კარიერა, დიდი ალბათობით არ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებას, თუმცა თუ შეხვდება თანატოლებს საქართველოში, რომელთაც აქვთ კარგი იდეა, გარკვეული გამოცდილება და საჭირო უნარები, შესაძლოა მათ შორის ორმხრივად სარგებლიანი პარტნიორობა შედგეს. ერთი მხრივ, ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოში ვერ ხედავენ პოტენციალს, მიიღებენ ახალ შესაძლებლობას საკუთარი იდეების რეალიზებისთვის, და ანალოგიურად ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ეს იქნება უნიკალური შანსი განახორციელონ ისეთი პროექტები თავიანთ ქვეყანაში, რომლის შესაძლებლობაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ აქვთ.

ყოველთვის, როცა საქართველოს უჭირდა, ემიგრანტები ეხმარებოდნენ, ახლაც უნდა გვქონდეს მათი იმედი, თუმცა თუ მოქალაქეობის საკითხი არ გადაწყდა, როგორც მანამდე აღვნიშნეთ, უცხოეთში მცხოვრები (არა დროებით წასული) წარმატებული ქართველი ახალგაზრდების მოტივაცია საქართველოში ინვესტირება ვერ იქნება“, – აღნიშნავს ნინო შარაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები