“მკვდრეთით აღმდგარი”, დახვრეტას გადარჩენილი და რეპრესირებული  რევოლუციური მოღვაწე

23 თებერვალს რუსეთში საბჭოთა არმიის დღე აღინიშნება. იმ არმიისა და რეჟიმის, რომელმაც მილიონობით ადამიანი და მათი ოჯახები ფიზიკურად და მორალურად გაანადგურა. ეს ისტორია ქალბატონ მარინა კუტუბიძეს ეკუთვნის და ჰყვება ამბავს “მკვდრეთით აღმდგარი”, დახვრეტას ერთხელ გადარჩენილი და ბოლშევიკების ხელით განადგურებული მისი ოჯახის წევრის შესახებ. 

“83 წლის წინ, 1938 წლის 23 თებერვალს, ეგრეთ წოდებულმა “ტროიკამ”, დახვრიტა ბაბუაჩემი დედის მხრიდან, ვარლამ მაღულარია! რომელიც 14 წლიდან ბიძამისს წაუყვანია რუსეთში, იქ დაუწყია რევოლუციური “მოღვაწეობა” , რის გამოც, დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მაგრამ შეყრია ტიფი და კრიზის დროს ეგონათ, გარდაიცვალა… “მორგში” ჩაუგდიათ. გონს რომ მოსულა, ხედავს მკვდრებთან წევს, ადგომის და დაძახების ძალა არ ჰქონია. ყარაულს რომ ჩაუვლია, ჩამოვარდნილა ”ნარიდან” და ასე მიუქცევია ყურადღება. შეშინებულ “ჩასავოი“-ს დაუწყია ყვირილი-мертвый воскрес, мертвый воскрес-ო. მოსულა ექიმი, მიმხვდარა რაშიც იყო საქმე და დახვრეტის მუხლი, შეუცვალეს – на пожизненую каторгу на золотые прииски, სადაც მოუსწრო 1917 წლის რევოლუციამ და გაათავისუფლეს.

ჩამოსულა თბილისში, დაიწყო მუშაობა პოლიტკატორღელთა საზოგადოებაში, შექმნა ოჯახი, ეყოლა ორი შვილი ქალ-ვაჟი. ძალიან უყვარდა ოჯახი. დედა იგონებს, ოპერაში არც ერთი პრემიერა არ გამოგვიტოვებიაო. ყოველ წელს, სულ ერთ და იგივე ადგილს იღებდა აბონემენტსო. ყოველ კვირაობით აუცილებლად სადმე მივყავდით მთელი ოჯახი და საერთოდ სამსახურიდან ისე არ ბრუნდებოდა სახლში, რომ რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო რამ არ მოეტანოს ჩვენთვისო. გახსნიდა თავის დიდ პორთველს და ან სახატავ რვეულს, ფანქრებს, წიგნები ხომ ხშირად მოჰქონდაო. პირველად რომ წაგვიკითხა “შვლის ნუკრის ნაამბობი”, ცრემლებს ძლივს ვიკავებდით მე და ჩემი ძმაო. ასე ცხოვრობდნენ 1938 წლის 22 თებერვლამდე. მოსულან გვიან ღამით ეგრეთ წოდებული “ტროიკა” სახლიდან წაუყვანიათ და ერთ დღეში 23 თებერვალს “საბჭოთა არმიის” დღეს გამოასალმეს სიცოცხლეს! აქ დამთავრდა 12 წლის დედაჩემის და 9 წლის ბიძაჩემის ბავშვობა და ლაღი ცხოვრება. ორი კვირა “პერედაჩებიაგზავნინეს,

მერე გამოუცხადეს თითქოს გადასახლებაში გაამგზავრეს ეტაპით без права переписки. 1942 წელს კი ოჯახს გამოუგზავნეს შეტყობინება, ვითომ გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი! ამხელა პოსტს არ დავწერდი, რომ მთელი კვირაა რუსული არხები (რამდენიმე გადაცემის-mezzo da და культуеа-სგამო ვუყურებ) დიდის ამბით ემზადებიან 23 თებერვლის გადაკეთებული დღესასწაულის აღსანიშნავად – день советской армии, день защитника отечества. რამდენი სიბოროტე მოხდა ამ დღეს და არა მარტო ამ დღეს, რადგან ჩემს ოჯახთანაა დაკავშირებული, თავი ვეღარ შევიკავე, მთელი დღე რაღაც მაწუხებს, დედაც მოუსვენრადაა, თუმცა მერამდენედ ვუკითხავ, 3 დღის წინ შესრულდა 96 წლის და 400- მდე მოლოცვა მოუვიდა. მართალია, ყველანაირად ვცდილობდი ეს დღე არ გახსენებოდა, ამ წუთს მითხრა – განა არ ვიცი, რატომ გადაგაქვს ყურადღება, რომ არ ვინერვიულო, მაგრამ მე არაფერი მავიწყდებაო! ღმერთმა გაანათლოს ყველა დახვრეტილი და განადგურებული ადამიანის სული!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები