არჩილ ჯავახაძე – “ქართული კულტურის ელჩი” ნიდერლანდებში

17-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პირველად შექმნა ქართულ-ნიდერლანდური და ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი, დააფუძნა ნიდერლანდების ქართული დიასპორული ორგანიზაცია, თარგმნა და საკუთარი ხარჯებითვე გამოსცა ქართველი ავტორების შემოქმედება, დიპლომატებსა და ბიზნესმენებს ქართულ კულტურას აცნობს და საქართველოში ჩამოსვლამდე, შორიდან აყვარებს პატარა, მაგრამ დიდი კულტურის ქვეყანას – ეს მცირე ჩამონათვალია არჩილ ჯავახაძის მრავალმხრივი საქმიანობებიდან. წინ კიდევ ბევრი გეგმაა, თუმცა, “მთავარია, მათ შესასრულებლად დრო გვეყოს” 

90-იან წლებში ქვეყანაში არსებულმა მძიმე სიტუაციამ, ბევრი ადამიანის მსგავსად, ბატონი არჩილიც აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა და უკეთესი მომავალი საზღვარგარეთ ეძებნა. თუმცა, სამშობლოსგან შორის ყოფნა ხელს არ უშლის, უცხოეთშიც ქართული საქმე აკეთოს. როგორც თავად ამბობს, საკუთარ წილ საქართველოს მუდამ გულით დაატარებს. 

გაიცანით არჩილ ჯავახაძე – ქართული კულტურის ელჩი ნიდერლანდებში. 

_ დავიწყოთ წარსულით – როგორი იყო თქვენი ცხოვრება ემიგრაციამდე და რატომ გადაწყვიტეთ სამშობლოს დატოვება? 

თბილისში დავიბადე და გავიზარდე –  ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, როგორც მილიონობით ჩემს თანამემამულეს – ჯერ იყო სკოლა, შემდეგ – პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-მშენებლის განხრით, ინგლისური ენის კურსები უცხო ენების ინსტიტუტში და  იურიდიული განათლება ქალაქ მინსკში.

ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ხატვით და ჭედური ხელოვნებით, რასაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვეუფლებოდი, მანდვე გამომგონებლების წრეშიც დავდიოდი. პოლიტექნიკურში სწავლის დროს საქართველოში ახალი შემოსული იყო აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები, რამაც ძალიან გამიტაცა და ჩემი ცხოვრების თანამდევარი გახდა.

სწავლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში. დავოჯახდი. ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა მშვენიერი ქალბატონი, ინგა პაპუაშვილი, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. შემდეგ ქალიშვილიც შეგვეძინა. 

ეს არის 80-იანი წლების დასასრული – ეროვნული მოძრაობის აღზევება და ნანატრი თავისუფლება. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, რაც ერისთვის ყველაზე დიდ საშინელებად მიმაჩნია. შემდეგ ომი აფხაზეთში, სადაც მომიწია მონაწილეობის მიღება. ეს ცალკე თემაა, ეს საქართველოსი და, რა თქმა უნდა, ჩემიდიდი ტკივილია. ამ დროს საქართველოში სრული ქაოსი და განუკითხაობა იყო. საქართველო მტრულ ბანაკებად დაიყო, მომავალი არ ჩანდა. ამის გამო გადავწყვიტე დამეტოვებინა საქართველო და ჩემი ოჯახი ევროპაში წამეყვანა. გავემგზავრეთ ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოში კი დავტოვეთ ახლობლები და მეგობრები. 

_  რა სირთულეებს გადააწყდით უცხო ქვეყანაში და ზოგადად, თქვენი აზრით, როგორია ემიგრანტის გზა ახალ ქვეყანასა და საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად ?

ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ სრულიად მარტო იწყებ ახალ ცხოვრებას ნულიდან, გვერდში არ გყავს ახლობელი და მეგობარი. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი სტიმულია პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ, ამის გამო გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს. სხვადასხვა პროცედურის გავლის შემდეგ დავბინავდით და დავიწყეთ ნიდერლანდური ენის შესწავლა. ნელ-ნელა შევიძინეთ ნაცნობ-მეგობრები, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ და თავს მარტოდ აღარ ვგრძნობდით. ნიდერლანდებში შეგვეძინა ჩვენი ვაჟიშვილი ანრი.

_ რას საქმიანობდით თავიდან და რას საქმიანობთ ახლა ნიდერლანდებში?

ნიდერლანდური ენის შესწავლის შემდეგ, დავიწყეთ სამსახურის ძებნა. ჩემი ტექნიკური დიპლომით გავიარე სტაჟირება ჩვენი ქალაქის მერიის სამშენებლო განყოფილებაში, რის შემდეგ დავიწყე მუშაობა საინჟინრო ბიუროში, ჯერ მხაზველად და შემდეგ ინჟინერ-დამპროექტებლად. პარალელურად ვაგრძელებდი ნიდერლანდური ენის ღრმად შესწავლას ვაალვაიკის ენების ინსტიტუტში. ჩავაბარე საკონტროლო გამოცდა ლეიდენის უნივერსიტეტში, რის საფუძველზეც, პარალელურად დავიწყე  მუშაობა მთარგმნელად. ჰააგის საოლქო სასამართლოში დავდე სათანადო ფიცი და ამჟამად ვარ ქართული და რუსული ენების ნაფიცი თარჯიმანი და მთარგმნელი. 

ჩემი მეუღლე 9 წლის განმავლობაში მუშაობდა ბავშვთა კონსულტაციაში და პარალელურად სკოლაში მუსიკის მასწავლებლად.

ამავდროულად, გავხსენით საშუამავლო, ენების შესწავლის, სამუსიკო და მთარგმნელობითი ბიურო, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს. ლეიდენის უნივერსიტეტში მე და ჩემს მეუღლეს რამდენიმე დიპლომატისთვის და ბიზნესმენისთვის ჩატარებული გვაქვს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მოკლე კურსები. საქართველოში ყველას ჩვენს სამშობლოზე უკვე შეყვარებულს ვუშვებთ.

_ იურისტი, ინჟინერ-მშენებელი და მთარგმნელი – მოგვიყევით მეტი თქვენი პროფესიების შესახებ –  როგორ ახერხებთ, ერთი შეხედვით, განსხავებული საქმიანობების შეთავსებას? 

როგორც მოგახსენეთ, 22 წელი ვიმუშავე ინჟინერ-დამპროექტებლად და მთარგმნელად. ამ უკანასკნელს ამჟამადაც ვაგრძელებ. მუშაობა ძირითადად მიწევს სასამართლოებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, საიმიგრაციო სამსახურთან, პოლიციასთან, ადვოკატებთან, ნოტარიუსებთან და ა. შ. ამაში აგრეთვე მეხმარება ჩემი იურიდიული განათლებაც. წლების მანძილზე საკმაოდ საინტერესო საქმეებმა გაიარეს ჩემს ხელში.

_ თქვენ ხართ პირველი ადამიანი, რომელმაც ქართულ-ნიდერლანდული და ნიდერლანდულ-ქართული ლექსიკონი შეადგინა. რამ გიბიძგათ, ამ რთული და შრომატევადი საქმისათვის მოგეკიდათ ხელი და როგორი იყო მუშაობის პროცესი?

ენის სწავლის პირველი დღიდანვე დავიწყე რვეულში უცნობი სიტყვების და მათი მნიშვნელობის ჩაწერა. პირველი ორი წლის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობა დამიგროვდა. ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი არ არსებობდა. ვიყენებდი რუსულ და ინგლისურ ლექსიკონებს. ამ პერიოდში, ნიდერლანდური ენის დოცენტმა გამაცნო თავისი მეგობარი, საიმენ ტოლი (Simon Tol), რუსული ენის სპეციალისტი და რადგან მე რუსულ ენას ვფლობდი, მას სურდა ჩემთან ურთიერთობა. მას ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა, შემედგინა ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი და ვაჩვენე ჩემი რვეულები. ნელ-ნელა დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მას დიდი ინტერესი გაუჩნდა ქართული ენისადმი და ჩემი დახმარებით დაიწყო მისი შესწავლა. 

ასე, დაახლოებით ორი წლის მანძილზე, სამსახურის მერე, საღამოს, საიმენი მოდიოდა ჩვენთან და გვიანობამდე ვმუშაობდით ლექსიკონზე. მას უკვე ჰქონდა ნიდერლანდურ-რუსულლექსიკონზე მუშაობის გამოცდილება. ამ ორი წლის მანძილზე მოვახერხეთ პირველ ოთხ ასოზე სიტყვების დამუშავება. ოჯახური მდგომარეობის გამო, მან ვეღარ გააგრძელა ინტენსიური მუშაობა და მეხმარებოდა მხოლოდ თავისი რჩევებით. ლექსიკონზე მუშაობამ ძალიან ჩამითრია. მაშინ უკვე მქონდა ჩემი პირველი კომპიუტერი და ყველაფერი კომპიუტერში გადავიტანე. შევიძინე მრავალი ლექსიკონი და გრამატიკის წიგნები, როგორც ნიდერლანდური, ასევე ქართული. ლექსიკონზე მუშაობა გახდა ჩემი უდიდესი ჰობი და ცხოვრების ნაწილი. 2004 წელს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ჩემი მეუღლის ნათლული და მეგობარი, ლალი გელაშვილი. როდესაც მას მოვუყევი ჩემი ჰობის შესახებ და ვაჩვენე ჩემი შრომის შედეგი, მან მითხრა, რომ თუ დავასრულებდი ამ ლექსიკონს, ის დამეხმარებოდა საქართველოში მის გამოცემაში. რა თქმა უნდა, გავაათმაგე მუშაობის ინტენსივობა. 

მინდა აღვნიშნო, რომ ლექსიკონზე მუშაობაში ჩართული იყო ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ნინო. 2005 წელს საქართველოში, ჩემი სრული დაფინანსებით, გამოიცა ისტორიაში პირველი ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი. ამ წიგნების საკმაო რაოდენობა ჩამოვიტანე ნიდერლანდებში და გასავრცელებლად ჩავაბარე ამსტერდამში არსებულ წიგნების მაღაზიასა და გამომცემლობა ‘პეგასუს’-ში, რომლის ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიტერატურა, ენათმეცნიერება და ლექსიკონები. მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ შედგენილიყო ლექსიკონის ქართულ-ნიდერლანდური ნაწილიც. ამ გამომცემლობამ დამაკავშირა, ნიდერლანდების ორ დიდ ლექსიკოგრაფთან, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის პროფესორთან, ნიდერლანდური ენის სამეცნიერო გაერთიანება ‘ტაალუნის’ ლექსიკოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელთან, ვილი მარტენთან (Willy Martin) და ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორთან, დიდი რუსულ-ნიდერლანდური ლექსიკონის ავტორთან, ვიმ ჰონსელაართან (Wim Honselaar). მათი უშუალო ხელმძღვანელობის და რჩევების შედეგად მოხდა ლექსიკონის სრულად გადამუშავება, ნიდერლანდურ-ქართულ ნაწილს დაემატა მრავალი ათასი ახალი სიტყვა, მოხდა ქართულ-ნიდერლანდური ნაწილის შედგენა, ამ ყველაფერს დაემატა ტრანსკრიფციები, სიტყვების სინონიმები და მათი წინადადებებში გამოყენების მაგალითები, იურიდიული, სამედიცინო და სხვა ტერმინოლოგია, მოკლე ქართული და ნიდერლანდური გრამატიკა. მჭიდრო კავშირი მქონდა აგრეთვე ქართული ენის სპეციალისტებთან საქართველოში. 

8 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 2013 წელს ნიდერლანდებში გამოიცა ნიდერლანდურ-ქართული და ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონი. როგორც ვიცი, ამ ლექსიკონს აქტიურად იყენებენ სტუდენტები ქართული და ნიდერლანდური ენის შესწავლისას და მრავალი სხვა, ვისაც შეხება აქვს საქართველოსა და ნიდერლანდებთან.

_ გარდა ლექსიკონისა, იმუშავეთ რამდენიმე წიგნის თარგმანზეც… 

დაახლოებით 17 წლის ინტენსიურმა შრომამ, თავისი ნაყოფი გამოიღო, მაგრამ ამაზე გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ამ პერიოდში ვეცნობოდი ყველაფერს, რაც ნიდერლანდებში საქართველოს შესახებ იყო ცნობილი. ქართულ ენაზე ვთარგმნე მე-17 საუკუნის ამსტერდამის ბურგომისტრის, ნიკოლას ვიტსენის ენციკლოპედიური ნაშრომი ‘ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ტარტარეთის’ ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აღწერას შეეხებოდა. აქ შეგროვილია თითქმის სრული ინფორმაცია ანტიკური პერიოდიდან მე-17 საუკუნემდე, რაც საქართველოს შესახებ ევროპაში იყო ცნობილი. აქ არის ჰოლანდიურ-ქართული მოკლე ლექსიკონი-სიტყვარი, მეფეების, არჩილ მეორის და ერეკლე პირველის პორტრეტები და მრავალი სხვა საინტერესო ინფორმაცია. ეს წიგნი გამოიცა საქართველოში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ისტორიის ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის თანადგომით. წინასიტყვაობა ეკუთვნის აკადემიკოს დავით მუსხელიშვილს, ხოლო რედაქტირება პროფესორ ვალერი ვაშაკიძეს. შემდგომში ნიდერლანდების არქივებში მოძიებულ იქნა საქართველოს ძველი რუკები, ისტორიული წერილები და სხვა საინტერესო მასალები, რომლებიც გადაგზავნილ იქნა საქართველოში შემდგომი შესწავლის მიზნით.

ამას მოჰყვა ქართული ლიტერატურის ნიდერლანდური თარგმანები: კონსტანტინე გამსახურდიას ‘დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა’, დათო ტურაშვილის ‘ტყეების მეფე, ლეგენდები დავით აღმაშენებელზე’, გურამ ოდიშარიას ‘პრეზიდენტის კატა’, იაკობ ცურტაველის ‘შუშანიკის წამება’, ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელის (ნიკო ბურის) მოგონებები ‘ბურებთან’. დოკუმენტურ მასალებზე, ქართულ ენაზე დაწერილი მაქვს ისტორიული ნაწარმოები ‘ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი’. პრინცი ბერნარდი იყო ნიდერლანდების ამჟამინდელი მეფის ბაბუა. იგი იყო მეტად საინტერესო და ლეგენდარული პიროვნება. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კავალერიის პოლკოვნიკ ალექსი ფანჩულიძესთან. ქართველ მკითხველს ვურჩევ გაეცნოს ამ მეტად საინტერესო ნაწარმოებს, რომლის ელექტრონული ვერსიის შეძენაც შესაძლებელია გამომცემლობა ‘საბა’-ს ელექტრონული წიგნების მაღაზიაში (https://saba.com.ge/books).

თითოეული ზემოთმოყვანილი ნაწარმოები წარმოადგენს ჩემი ცხოვრების ნაწილს, რადგანაც მათზე ვმუშაობდი თვეების და ზოგჯერ წლების მანძილზე და გავხდი მათი თანამონაწილე. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს წიგნი ჩემი პირადი დაფინანსებით არის გამოცემული. გამონაკლისია ორი წიგნის ნაწილობრივი თანადაფინანსება.

ამჟამად გადავთარგმნე ‘უიარაღოს’ (კონდრატე თათარიშვილი) ‘მამელუკი’ და გრიგოლ რობაქიძის ‘გველის პერანგი’. აღსანიშნავია, რომ ‘მამელუკს’ ბოლოსიტყვაობად დართული აქვს ქართველი მამლუქების მოკლე ისტორია და მოყვანილი არიან მათგან გამორჩეული ისტორიული პიროვნებები. ‘გველის პერანგს’ წინ უძღვის ამ ნაწარმოების 1928 წლის გერმანული გამოცემის შტეფან ცვაიგის (Stefan Zweig) წინასიტყვაობის თარგმანი და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ლექსის ‘ტყის ხელმწიფის’ თარგმანი, რომელსაც რობაქიძემ მიუძღვნა ეს თავისი რომანი. ამჟამად მიმდინარეობს ამ ნაწარმოებების რედაქტირება და იმედია, ისინი ამ წელს გამოიცემა. აგრეთვე საინტერესოა ის, რომ ზემოხსენებულ რამდენიმე ნაწარმოებში მოყვანილია ნაწყვეტები ‘ვეფხის-ტყაოსნიდან’. ასე, რომ ამ ნაწარმოებიდან აფორიზმების თარგმანიც მაქვს გაკეთებული. მინდა აგრეთვე აღვნიშნო, რომ ამ წიგნების თარგმნებში მრავლად მაქვს გაკეთებული სქოლიოები, სადაც აღწერილია წიგნში მოყვანილი მოვლენა თუ პიროვნება. ამის საშუალებით მკითხველი ეცნობა არა მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებს, თავად ისტორიულ მოვლენებს და პიროვნებებსაც.

რიგში ბევრი მომავალი პროექტია. ჩემი ძირითადი მიზანია ნიდერლანდების და ბელგიის საზოგადოებას გავაცნო ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა.

_ როგორც ვიცი, ნიდერლანდებში ქართული დიასპორული ორგანიზაცია დააფუძნეთ. მოგვიყევით მეტი თქვენი დიასპორული აქტივობების შესახებ

ნიდერლანდებში ჩამოსვლის პირველ წლებში ძალიან რთული იყო საქართველოსთან ურთიერთობის დამყარება და საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალყურის მიდევნება. პატარა რადიოთი, მოკლე არხებზე ვუსმენდი რადიო ‘თავისუფლებას’. ყოველი სიტყვა საქართველოს შესახებ ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. 

ინტერნეტის და სატელიტური ტელევიზიის განვითარების შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში, მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ ორგანიზაცია ‘ქართულიდიასპორა ნიდერლანდებში’. ამის დახმარებით მოხერხდა მთელს ქვეყანაში დაქსაქსული ქართველების შეხვედრა და ქართული იდეის გარშემო გაერთიანება. რამდენჯერმე მოვახერხეთ ჩვენი ქართველი და ნიდერლანდელი მეგობრების თანადგომით ფინანსური და მატერიალური დახმარების შეგროვება და საქართველოში გაგზავნა. ნიდერლანდელმა მეგობრებმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოიჩინეს 2008 წელს სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერაში. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება ‘ქართული სახლი’ – ნიდერლანდებში მყოფ ქართველთა გაერთიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ‘ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში’, ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, ‘იმედი’, ‘World of Diaspora’ და სხვები. აგრეთვე კარგი ურთიერთობები გვაქვს ბელგიაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ.

_ ხშირად ამბობენ, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს თავისი წილი საქართველო მუდამ თან აქვთ. როგორი არჩილ ჯავახაძის საქართველო ნიდერლანდებში? 

რა თქმა უნდა, ჩემს საქართველოს მუდამ გულით ვატარებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც ძალიან მტკენს გულს, ჩემი საქართველო არის იდეალური, თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, ურთიერთობებით, ქართული ვაზით, რომელიც მოშენებული მაქვს ჩემს ეზოში და რამდენიმე ლიტრ ქართულ ღვინოსაც ვაყენებთ.

ჩვენს სამეგობრო წრეში რეგულარულად ვატარებთ ქართული პოეზიის საღამოებს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ეს დროებით შევაჩერეთ. ვარ საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ნიდერლანდების სადროშოს მეთაური. ვცდილობთ, გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ქართული ტრადიციები, ზნეობა და სულიერება.

_ რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას და როგორ ინარჩუნებთ კავშირს სამშობლოსთან? 

ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, პირველად საქართველოში 11 წლის შემდეგ ჩამოვედი. აეროპორტში ბევრი ახლობელი დამხვდა, რაც ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. მას შემდეგ, საქართველოში 2-3 წელიწადში ერთხელ ჩამოვდივართ. ყოველ წელს ვერ ვახერხებთ, რადგან შვებულება წელიწადში ერთხელ გვაქვს და გვიყვარს მოგზაურობა. გვსურდა შვილებისთვის მრავალი ქვეყანა გვეჩვენებინა. პანდემიის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხშირად ვესტუმრებით ახალი იდეებით და მიზნებით.  რამდენჯერმე მონაწილეობა მაქვს მიღებული ‘ქართული დიასპორის დღეებში’. იმედია ეს შეხვედრები განახლდება.

_ და ბოლოს, მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ… რომელ ქვეყანას უკავშირდება ის? 

გეგმები ბევრია, მთავარია სიცოცხლე გვეყოს მათ შესასრულებლად!

თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები