ათენის ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა ქუთაისში საქველმოქმედო აქცია განახორციელა 

ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს“ ფარგლებში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ცენტრმა, პარტნიორი ბერძნული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, თბილი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები შეაგროვა და საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს გაუგზავნა.

თბილი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები ქალაქ ქუთაისში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

საქველმოქმედო ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან დანიშნულების ადგილამდე საქართველოს ფოსტამ უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი / ΚΟΙΝΩΝΙΚΟ ΚΕΝΤΡΟ ΤΗΣ ΓΕΩΡΓΙΑΝΗΣ ΔΙΑΣΠΟΡΑΣ, რომელიც გასულ წელს დაარსდა ქალაქ ათენში, აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს, როგორც საქართველოში მცხოვრები თანამოქალაქეების, ასევე საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების თანადგომის მიზნით. ცენტრის საქმიანობა მოიცავს, ასევე, თანამემამულეთა დახმარებას სახელმწიფო და კერძო სექტორის დისტანციური სერვისებით სარგებლობაში, სამართლებრივ საკითხებზე დიასპორის წარმომადგენელთა ინფორმირებას, მათთვის შესაბამისი სახის კონსულტაციის გაწევას და სხვ.

ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს ხელმძღვანელობს საბერძნეთის რესპუბლიკაში მოღვაწე თანამემამულე, პედაგოგი ნანა თევდორაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები