სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა 

2020 წლის 22 ნოემბერს, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის კურთხევით, საზეიმო ვითარებაში გახსნეს სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლა.

საქართველოს ელჩმა, საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე, შეძენილ იქნა საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ედირნექაფის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღასრულა ქართული სამრევლოს წინაძღვარმა მამა ილია ჯინჯოლავამ. საღმრთო ლიტურგიას, ასევე, ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები