დახვრეტამდე იყო ჯაყო …

“კუთხეში მიმჯდარი იყო ძვალ-ტყავად ქცეული, ჩია ტანის მოხუცი, ღრმად ჩაცვენილი თვალებით, საშინლად გაყვითლებული, წვერებგაბურდული.” 1937 წელი, მოგონებები სიკვდილმისჯილთა საკნიდან, საიდანაც თავი დააღწია ერთმა ადამიანმა და საზოგადოებას „ჯაყოს„ ავტორის შესახებ მოუყვა. დიახ, ეს ჩია, სევდიანი, ნაწამები ადამიანი სიკვდილმისჯილთა საკნიდან მიხეილ ჯავახიშვილი იყო, 58-ე მუხლის მიხედვით დაკავებული, რაც ნიშნავდა  ყოველგვარ ორგანიზებულ ქმედებას – მიმართულს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ..

ამბობენ, მისი წამების ერთ-ერთი მეთოდი ასეთი იყოო – წიგნებით სავსე ორ ჩემოდანს დააჭერინებდნენ ხელში და კუთხეში უნდა მდგარიყო, გაუნძრევლად. ის ხომ „სამშობლოს მოღალატე„ იყო. დახვრეტამდე იყო მისი პრინციპული, უდრეკი ხასიათი, მისი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ამიტომ, დახვრეტამდე იყო – “მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“

დახვრეტამდე იყო ჯაყო..

დახვრეტამდე იყო ბერიას სიტყვები: „სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მწერალმა ასეთ სამარცხვინო საქმიანობას მიჰყო ხელი. ის სამშობლოს მოღალატე და ჯაშუშია”. ბერია „ჯაყოს” ავტორის პირადი მტერი იყო.. იმასაც ამბობენ, სტალინის სამაგიდო წიგნი იყოო „არსენა მარაბდელი „მაგრამ …1937 წლის 30 სექტემბერს  უზომოდ ნაწამები და ნატანჯი მწერალი ორთაჭალის ციხიდან გამოიყვანეს და გზას გაუყენეს სოღალუღის მინდვრებისკენ, სადაც დაუძლურებულს წითელი, საბჭოთა ტყვია ესროლეს, მაგრამ ჯავახიშვილი დღესაც ცოცხალია და იცოცხლებს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი, აი, ბერია კი..

და ისევ! ხმა სიკვდილმისჯილთა საკნიდან : „მიხეილ ჯავახიშვილი! – გაისმა ცივი ხმა. ჰაერი გაიყინა, სიჩუმემ რამდენიმე წამს გასტანა, ხალხს სუნთქვა შეეკრა. ნახევრად ბნელი კუნჭულებიდან თავი წამოყვეს ჩონჩხებმა, ისინი იმ კუთხისკენ წავიდნენ, სადაც მწერალი იჯდა. სამარისებური სიჩუმე უცბად დაარღვია ვიღაცის შეძახილმა “…ჯალათებო! სისხლის მსმელებო!” ხმას აჰყვნენ დანარჩენები და სარდაფი აივსო ყვირილით – თქვენ ხვრეტთ მოწინავე ადამიანებს ქართველებისას, თქვენ გვართმევთ დიდ მწერალს… – მხეცებო – არ მოგცემთ მიხეილ ჯავახიშვილს… – იგი ჩვენია. პატიმრები გარს შემოევლენ დიდ მწერალს. გამხეცებული შინსახკომელები დაუზოგავად დაერივნენ უმწეო ხალხს..“

“ჯაყოს” 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული, ჯაყო გმინვაა ჩემი სულისა“.. ყველას სულის, ალბათ.

20 ნოემბერი მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა…

მასალა მოამზადა ლელა არაბიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები