ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში საქართველომ ოქროს მედლები მოიპოვა

ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ონლაინ ტურნირში საქართველოს ნაკრების წევრებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ოქროსმედალოსანი გუნდის შემადგენლობაში არიან კომაროვის სკოლის მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი – ნიკა მალცევი, ირაკლი მიროტაძე, სანდრო ვაჩაძე, ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი და მათი ხელმძღვანელები: დიანა სოხაშვილი და გიორგი ბახტაძე.

ტურნირის ფარგლებში ქართველმა მოსწავლეებმა მაღალი შედეგი არაერთი მიმართულებით აჩვენეს: ნენე ჟვანიამ საუკეთესო ოპონირება გაუწია მონაწილეებს, ლევან ლოლაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მოხსენების ავტორი გახდა, ხოლო ნიკა მალცევის ნახევარფინალის მოხსენება, მთლიანი ტურნირის მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა.

2020 წლის ტურნირი 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის პერიოდში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 7 ქვეყნის 14 გუნდი იღებდა: შვეიცარიის, ხორვატიის, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, აგრეთვე რუსეთისა და საბერძნეთის 4-4 გუნდი და ყაზახეთის ორი გუნდი.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინტელექტუალური კონკურსია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის საქართველო ახალგაზრდა ნატურალისტების მსოფლიო რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები