ფრანგულ მუხაში დაძველებული ერისთავების კალიფორნიული ღვინო

 

ფრანგულ მუხაში დაძველებული ერისთავების კალიფორნიული ღვინო – როგორ იქცა ემიგრანტის ჰობი ბიზნესად და ვინ არიან ერთადერთი ქართველი მეღვინეები სან ფრანცისკოში, რომელთაც „ერისთავის ღვინოები“ შექმნეს.  “ქართული კვირა” დავით ერისთავს ესაუბრა: 

– ჩვენი მეღვინეობა კალიფორნიაშია, სან ფრანცისკოში. მთავარი მეღვინე და მთავარი სულისჩამდგმელი ვიქტორ ერისთავია, ემიგრანტი, რომელიც საბჭოთა დროს წავიდა საქართველოდან. ვიქტორი ძალიან ცნობილი ბიოქიმიკოსია, საკმაოდ სახელოვან კომპანიებში მუშაობს და დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. მისთვის მეღვინეობა თავიდან უბრალოდ ჰობი იყო, შემდგომში კი ბიზნესში გადაიზარდა და ახლა უკვე ჩვენი კომპანია „ერისთავის ღვინოები“ გვაქვს და მხოლოდ ულტრა პრემიუმ ღვინოებს ვაწარმოებთ. ფრანგული მუხის კასრებში ვაძველებთ ჩვენს ღვინოებს… 14 ჯიშის ყურძნისგან ვაწარმოებთ ღვინოს კალიფორნიაში. ამჟამად, დაახლოებით 8-9 ღვინის კომერციული წარმოება მიმდინარეობს. საქართველოში 4 ღვინო გვაქვს წარმოდგენილი. ეს არის ფრანგული მერლო – MERLOT, მუხის კასრში სამწლიანი დაძველებით, ზინფანდელი – ეს არის ძალიან ცნობილი ხორვატიული ჯიში კალიფორნიაში და ორი ჯიშის ყურძნისგან გვაქვს წარმოდგენილი: ზინფანდელი – ZINFANDEL და ძველი ყურძნის ზინფანდელი – OLD VINE ZINFANDE, ასევე თეთრი ღვინოებიდან სოვინიონ ბლან – SAUVIGNON BLANC.  ჩვენ არ გვქვს საშუალო და დაბალი ხარისხის ღვინო, მხოლოდ ნატურალური ყურძნის წვენია მუხის კასრებში დაღვინებული და ამ ღვინოებს ბრენდივით გემო აქვთ.

– თქვენ თქვით, რომ 14 ყურძნის ჯიშისგან აწარმოებთ ღვინოს, მათ შორის  რომელიმე არის ქართული?

– ჩვენ  ძალიან ცოტა რქაწითელს ვაწარმოებთ, ქართულმა რქაწითელმა საკმაოდ უნიკალური გემო შეიძინა ამერიკაში, საინტერესო კალიფორნიული ტონები დაემატა, მაგრამ ამჟამად იმდენად ცოტა რაოდენობას ვაწარმოებთ, რომ საქართველოში პრეზენტაციისთვის კი დევს, მაგრამ გაყიდვაში არ გვაქვს. ვგეგმავთ, რომ შემდეგი რთველის მთლიანი მოსავალი ანუ კალიფორნიული რქაწითელი, რომელსაც ქვევრის მეთოდით ვაძველებთ, საქართველოში ჩამოვიტანოთ.

– სხვა ღვინოებსაც აძველებთ ქვევრში?

– ფრანგული კაბერნე დავაძველეთ ქვევრში, შემდგომ გადავიტანეთ მუხაში და ძალიან განსხვავებული გამოვიდა, საინტერესო… მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მუხის კასრებით ვსარგებლობთ, რომელიც საკმაოდ პოპულარული, მაგრამ ძვირი ტექნოლოგიაა.

 – როგორც ვიცი, თქვენ ღვინის ერთადერთი  ქართული  კომპანია ხართ კალიფორნიაში…

– დიახ, ერთადერთი ქართული ოჯახი ვართ, რომელიც კომერციულად მეღვინეები ვართ. ჩვენ საკმაოდ დიდი ღვინის სახლი გვაქვს სან ფრანცისკოში.  51 მედალი გვაქვს აღებული სხვადასხვა გამოფენაზე, მათ შორის ფლორიდის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მთელი მსოფლიო ჩამოდის. ფლორიდაში ჩვენმა ერთ – ერთმა ღვინომ ორ კატეგორიაში 2 ოქრო აიღო. ვცდილობთ გამოფენებში ხშირად მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენი მიზანია ევროპის ბაზარზე გასვლა. გეგმაში გვაქვს, რომ აქაც, საქართველოშიც დავიწყოთ ღვინის წარმოება და ამბიცია გვაქვს, რომ ისეთი პრემიუმ ღვინოები ვაწარმოოთ, რომელსაც მსოფლიო აღიარებს.

– საქართველოში როგორ მიიღეს თქვენი კალიფორნიული ღვინო?

– ჯერჯერობით ძალიან კარგად მიიღეს. დამერწმუნეთ,  შეუძლებელია ჩვენი ღვინო გასინჯო და არ შეგიყვარდეს.

– ახლა ცოტა რამ  თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ…

– მე და ვიქტორი ბიძაშვილები ვართ, როგორც გითხარით, ვიქტორი ოთხმოციან წლებში მთელი ოჯახით წავიდა საქართველოდან, აქ მარტო მისი ძმა – დიმა ერისთავი დარჩა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. სხვათა შორის ვიქტორის მამის, ასევე ვიქტორ ერისთავის სახელობის კათედრა გაიხსნა ტექნიკურ უნივერსიტეტში.  მისი მეუღლე ლია ერისთავი კომპანიას  დიზაინერული მიმართულებით უძღვება, მან იქ დაამთავრა სამხატვრო აკადემია და ძალიან დიდ და ცნობილ კომპანიებში მუშაობდა. მათ 2 შვილი ჰყავთ – ნიკოლოზი და თეა, ორივე ძალიან წარმატებულია, ნიკოლოზი სან ფრანცისკოში Facebook- ის ერთ – ერთი მსხვილი დეპარტამენტის ხელმძღვანელია, თეა კი უფრო IT  მიმართულებით მუშაობს, თუმცა ოჯახურ ბიზნესშიც ჩართულები არიან. მე თვითონ  იურისტი ვარ, მაქვს ჩემი იურიდიული ფირმა “ერისთავის იურიდიული ჯგუფი“…

– რომელიც ასევე ძალიან წარმატებულია უცხოეთში…

– დიახ, ჩვენ ლონდონში რამდენჯერმე ავიღეთ ჯილდოები, როგორც საუკეთესო იურისტებმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ვვითარდებით.

ვიქტორის მეშვეობით ჩავერთე მეღვინეობაში და დღეს ჩემი ერთ – ერთი საყვარელი საქმეა და ძალიან დიდ დროს ვუთმობ ამ ყველაფრის განვითარებას საქართველოში. როგორც იცით სან ფრანცისკოში კომპანიას  „ერისთავის ღვინოები“ ჰქვია, საქართველოში კი „ერისთავის ღვინოები & ალკოჰოლური სასმელები“. გვინდა გავფართოვდეთ და საქართველოში მალე კონიაკის წარმოებას დავიწყებთ. ჩემთან ერთად ჩვენი ღვინის სახლში ჩემს მეუღლეს, ცნობილ მოდელს დარია ერისთავსაც შეხვდებით, რომელიც ასევე ჩართულია ოჯახურ ბიზნესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები