,,ქართული კვირა“ და უკრაინაში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “ივერია” თანამშრომლობას იწყებენ

,,ქართულ კვირასა“ და უკრაინაში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია, ქართულ კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრ “ივერიას” შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრ “ივერიას” დამფუძნებელმა შორენა გეგეშიძემ. თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციების გაცვლა, ცენტრის საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ასევე დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი “ივერია” დაარსდა 2010 წელს. ცენტრი ათი წლის იუბილეს ამა წლის 25 დეკემბერს აღნიშნავს.

დაარსების დღიდან ცენტრმა ჩაატარა მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება, აქტიურად მონაწილეობდა ქ. ოდესის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. ცენტრი ,,ივერია’’ არის არა მარტო კულტურულ და საგანმანათლებლო, არამედ საქველმოქმედო  და ქართულ–უკრაინული პატრიოტული ღონისძიებების ინიციატორი და ორგანიზატორი.

ცენტრთან არსებული საკვირაო სკოლა „ანა ბანაში“ ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა უფასოდ შეისწავლოს ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია, აგრეთვე საქართველოს კულტურა და ტრადიციები. სკოლაში დადიან არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ უკრაინელები და ოდესაში მცხოვრები სხვადასხვა დიასპორების წარმომადგენლები, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა.

,,მეცენატების და აგრეთვე საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით,  რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერენ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ოდესის რეგიონში, ივერია ყოველწლიურად უფრო ცნობადი ხდება, აქტიურად ვითარდება და ღირსეულად წარმოაჩენს სამშობლოს, მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ოდესაში მცხოვრები ქართველობისათვის მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა – ამოქმედდა წმინდა თამარ მეფის სახ. ეკლესია და სულ მალე განხორციელდება მრავალი ქართველის ოცნება–აღევლინება წირვა–ლოცვა მშობლიურ ენაზე.  სწორია, როდესაც ტაძართან არის არსებული კულტურის ცენტრი, რადგან  სულიერება განუყოფელ კავშირშია განათლებასთან და კულტურასთან,“ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ შორენა გეგეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები